საზოგადოება
ნესტან კირთაძე: „ნუ იქცევით წიწამურის თანამედროვე ავტორებად“

kirtadzeeeeთბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. წიწამურის ტრაგედიიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, „ნუ იქცევიან წიწამურის თანამედროვე ავტორებად“.

„დღეს 30 აგვისტოა და 104 წელი გავიდა ქართველთა საუკუნო ტკივილისა და დიდი სირცხვილის დღიდან. დღეს, წიწამურის ტრაგედიის ხსოვნის დღეს, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ მიმართავს წიწამურის თანამედროვე ავტორებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს, აქტივისტებს, მოხალისეებს, ძე შეცდომილებს და რამდენიმე ათეულ ლარზე დაწაფებულ და პირად კეთილდღეობაზე მზრუნველ იმ უსამშობლოო ქართველებს, რომლებმაც დღევანდელ დღეს მაინც თვალი უნდა გაუსწორონ მათი ბოლო წლების ნამოქმედარს. ჩვენ მივმართავთ მათ: ნუ იქცევით წიწამურის თანამედროვე ავტორებად და თვალი გაუსწორეთ სახელმწიფოებრივად დაშლილ, ტერიტორიულად დაქუცმაცებულ და სისხლმდინარე საქართველოს, დამოუკიდებლობაწართმეულ, სუვერენობაახდილ და გაღატაკებულ საქართველოს, შეურაცხყოფილ დედაეკლესიას და სულიერი და ფიზიკური დაქუცმაცებისათვის კვლავ განწირულ საქართველოს, 2 მილიონზე მეტ სიღატაკის ზღვარს მიღმა და ბედის ანაბარად მიტოვებულ სრულიად დაუცველ ადამიანებს, მოჯამაგირეობის გზაზე გაყენებულ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს და მათ მომლოდინე ატირებულ შვილებსა და მშობლებს, თქვენი თავგამოდებით მოყვანილი ხელისუფლების რეპრესიული მოქმედებებით ავსებულ ციხეებს, უკანონო და პოლიტიკურ პატიმრებს, გაყიდულ ქართულ მიწებს და სტრატეგიულ სიმდიდრეებს, ნაცემ და სასტიკად ანგარიშგასწორებულ თავისუფალ დემონსტრანტებს, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისათვის საგულდაგულოდ გამოკეტილ და გაყიდულ სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ქართულ იდეაწართმეულ დედაუნივერსიტეტს, გაფანტულ ეროვნულ ენერგიას და ჩვენი სამშობლოს უპერსპექტივო მომავალს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

ამასთან, როგორც კირთაძე განმარტავს, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ „მხოლოდ ამ უსამშობლოო ქართველების სინდისის ქენჯნის ამარა არ დავტოვოთ ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე“.

„მეტიც, საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და დასახლებულ პუნქტში ჩვენ მიერ თქვენი სახელები გახმიანდება, როგორც წიწამურის თანამედროვე ავტორებისა, და ეს მძიმე სასჯელი იქნება თქვენთვისაც და თქვენი მომავალი თაობებისთვისაც. მიგვაჩნია რომ დღეს ყოველმა ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა გონებით მაინც უნდა გაიაროს გზა თბილისიდან წიწამურამდე. ილიას უკანასკნელი გზა, ანუ ვია დოლოროსა (via dolorosa), საქართველოსთვის გაიაროს, რათა თავადაც მარად განეცდებოდეს გრძნობა ილიასი, ანუ საქართველოსი; აზრი ილიასი, ანუ საქართველოსი; სასოება ილიასი, ანუ საქართველოსი; და წამება ილიასი, ანუ საქართველოსი“, – აღნიშნულია მიმართვაში.