საქინფორმი კვლავ ითხოვს დახმარებას სახელმწიფოს მიერ დავიწყებული ინვალიდი ბავშვებისათვის!
თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ 2011 წლის 15 აგვისტოს საიტზე განათავსა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოები სლაიდშოუს სახით და გამოაქვეყნა ორგანიზაციის – „მზრუნველი მშობლები – ინვალიდი ბავშვებისათვის“, მიმართვა, სადაც მკითხველს სთხოვდა, უყურადღებოდ არ დაეტოვებინა ინვალიდი ბავშვების მშობელთა თხოვნა – დახმარებოდნენ პატარებს. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. საქინფორმი დაინტერესდა – რა შედეგი გამოიღო ერთობლივმა ძალისხმევამ – მიექცია სახელმწიფოს ყურადღება და ეზრუნა ამ ბავშვების მომავალზე, რათა თხოვნა არ დარჩენილიყო ხმად „მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნანა ლეჟავამ საქინფორმს განუცხადა, ჯერჯერობით არანაირი სასიკეთო ძვრა არ არის. „ინვალიდი პატარები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ჩვენ, დედები, იმედს არ ვკარგავთ, რომ ერთი ღვთისნიერი ადამიანი მაინც გამოჩნდება, ვინც ამ მოზარდებისთვის წამალს გაიმეტებს, წამალს, რომელიც ამ ბავშვებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. მედიკამენტების სისტემატურად მიუღებლობის შემთხვევაში პატარები კრუნჩხვაში ვარდებიან. მივმართავთ ერსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც მართლა შეუძლიათ ჩვენი შვილების დახმარება. ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობა და უფლის ამხელა სიყვარულია, ასეთი ბავშვები განწირულები არ უნდა იყვნენ… კეთილო და ხვთისნიერო ადამიანებო, წამალს გევედრებით დედები, რომ შვილებს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ. ვინც ამ წერილს წაიკითხავს და შეუძლია დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, ასჯერ დალოცვილი იქნება უფლისგან და გაუბედურებული დედებისგან. ოდითგანვე დიდსულოვანი და კეთილშობილი იყო ქართველი ერი. იმედს არ ვკარგავთ, რომ კიდევ ბევრი ღვთისნიერი ადამიანი ჰყავს ჩვენს ქვეყანას.
დიდი სიყვარულით და გულში ამბორით, დედები“.
საქინფორმი კვლავ მიმართავს ყველას, ვისთვისაც უცხო არაა თანაგრძნობა: დახედეთ სახეებს, რომლებიც შემოგცქერიან ჩვენი სლაიდშოუს ფოტოებიდან! საქართველოში დღეს თითქმის ყველას უჭირს, მაგრამ ამ ბავშვებს – ყველაზე მეტად. ისინი დაივიწყეს ხელისუფლებამ და სახელმწიფომ, შეძლებულმა მეცენატებმა და ბიზნესმენებმა... ასე რომ, კეთილო ხალხო, დაეხმარეთ მათ!
შეგახსენებთ: ორგანიზაციის – „მზრუნველი მშობლები – ინვალიდი ბავშვებისათვის“ – ოფისი რუსთაველის გამზირზე, „კინოს სახლის“ შენობის მე-2 სართულზე, მდებარეობს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ორგანიზაციის თანადგომისა და დახმარების სურვილი ექნება, შეუძლია, მიმართოს მას აღნიშნულ მისამართზე, ან დაუკავშირდეს თავმჯდომარეს შემდეგ ნომერზე: 555 56 51 83.
გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება მსურველს სატელეფონო ზარის განხორციელებითაც შეუძლია: „ჯეოსელისა“ და „ლაი-ლაის“ აბონენტთათვის შექმნილია სპეციალური ნომერი 200 277, რომელზე ერთხელ დარეკვითაც ორგანიზაციის ფონდში 1 ლარი გადაირიცხება.