„როგორც სომხური ეკლესიის ლიდერმა, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო 20 წლის წარუმატებელი გამოცდილება იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას მაძლევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში რელიგიის სფეროში სიტუაცია უცვლელი დარჩა. პირიქით, რელიგიური ცხოვრება საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, გაცილებით უფრო შეზღუდულია, რელიგიური და ეროვნული უმცირესობები კი ზეწოლას განიცდიან და შეუწყნარებლობის მსხვერპლნი ხდებიან. სომხური ეკლესიის ყოველგვარი მცდელობა, სომხური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან ეთანამშრომლა, ამაო იყო“, – წერს გარეგინ მეორე ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში და აქვე ორ პრობლემას ასახელებს – რელიგიური უმცირესობების სტატუსის არარსებობა და საქართველოს ხელისუფლების უარი, სხვა ეკლესიებს მათ დაქვემდებარებაში არსებული უძრავი ქონება გადასცეს.
ამასთან, გარეგინ მეორე ბარაკ ობამას მიმართავს, „საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს, რათა ყველა ქრისტიანულმა ეკლესიამ და სხვა რელიგიებმა ნორმალურ ატმოსფეროში ფუნქციონირება შესძლონ, ადამიანის უფლებებს კი პატივს სცემდნენ და იცავდნენ“.