სამართალი
ომბუდსმენი: „ქუთაისის ციხეში პატიმართა ყოფა საგრძნობლად გაუარესდა“

qutaisis-cixeთბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. სახალხო დამცველის ოფისისი განცხადებით, ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

სახალხო დამცველის აპარატმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ იმერეთის რეგიონის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზაფხულის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში, მის თანამშრომლებს ქუთაისის საპყრობილეში დაახლოებით 600-მა პატიმარმა განუცხადა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ „ხშირად უხეშად და დამამცირებლად ექცევიან“.

მთლიანობაში ქუთაისის N2 დაწესებულებაში მონიტორინგის დროს 1 451 პატიმარი იყო განთავსებული.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების ე.წ. ბოქსში გადაჰყავთ, რომელიც დაახლოებით 2-3 კვ მ საკანს წარმოადგენს, სადაც არ არის არც მაგიდა, არც სკამი და არც საწოლი და სადაც დასჯილ პატიმრებს ათავსებენ ფეხშიშველა, საცვლების ამარა, 3-დან 24 საათამდე. ქუთაისის საპყრობილის კარანტინში დასჯის ფორმას წარმოადგენს პატიმრების დაჩოქება თავზე ხელებდაწყობილ მდგომარეობაში, რაც, სახალხო დამცველის ცნობით, 1-2 საათიც კი გაგრძელებულა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, „სასწრაფოდ გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის N2 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“ და „დააყენოს ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელნიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით“.

აღნიშნული დაწესებულებისაგან განსხვავებით, სახალხო დამცველის აპარატი გეგუთის ციხეში პატიმართა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას აღნიშნავს წინა წლებთან შედარებით იმ ფონზე, როცა ციხის ადმინისტრაცია მაქსიმალურად უწყობს ხელს მათ გარკვეული პრობლემების გადაწყვეტაში.

სახალხო დამცველის აპარატი „დადებითად“ მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ გეგუთი, სადაც მონიტორინგის პერიოდში 2 693 პატიმარი იხდიდა სასჯელს, არის ერთადერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც სამარტოო საკანში მყოფ პატიმრებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ შხაპით, ყოველდღიური გასეირნების უფლებით და იქონიონ ჰიგიენური ნივთები.