აქტუალური
თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამუშაო ჯგუფი აღმასრულებელი დირექტორის – ზაზა ჭელიძის, ხელმძღვანელობით შვედეთში იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის სამუშაო გეგმის შეთანხმება.
„მიმდინარე წლის ივნისში საქსტატსა და შვედეთის მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შვედეთის სტატისტიკა საქსტატს დახმარებას გაუწევს მეთოდოლოგიის, თანამშრომელთა ტრენინგის, ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტისა და სხვა ძირითადი სტატისტიკური კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.საქსტატში უკვე მუშაობა დაიწყო შვედეთის სტატისტიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში უწყებას ეწვევა შვედეთის სტატისტიკის პირველი სამუშაო მისია, რომელიც ინფლაციის და მთლიანად ფასების სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიმართულებით იმუშავებს.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ეკვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ“, – აღნიშნულია კორესპონდენციაში.