თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისს ესტუმრა და ქალაქში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მშენებლობა მოინახულა, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადმოტანით ქუთაისი გამოცოცხლდება და ის უიმედო მდგომარეობა, რომელიც ქალაქში ოთხი-ხუთი წლის წინათ სუფევდა, საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მშენებლობები ქუთაისელთა კეთილდღეობის საწინდარი და მათთვის სტიმულის მიმცემია. „დღეს ვნახეთ, რომ პარლამენტის მშენებლობა დადგენილ ვადას რამდენიმე კვირით ასწრებს. ეს მართლაც ისტორიული პროცესია. ჩვენ აქ ვაშენებთ პარლამენტის შენობას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე იქნება. თუმცა მთავარია ის, რომ ამით ქვეყანაში მთლიანად იცვლება ფსიქოლოგია. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, საქართველო, პრაქტიკულად, ახალ უზარმაზარ ენერგიას მიიღებს. აქ ჯერაც ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა და, მართალია, პარლამენტი ყველა საკითხს ვერ მოაგვარებს, მაგრამ გარკვეული ნაწილის გადაწყვეტას ნამდვილად შეუწყობს ხელს. ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველოს აღმშენებლობა წარმოუდგენელი ტემპით მიმდინარეობს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.პრეზიდენტმა ერთი ამბავიც გაიხსენა, როდესაც პირველ ლედის ერთი ჰოლანდიელი ტურისტი გამოელაპარაკა. მართალია, სანდრა რულოვსთან საუბრისას, სტუმარი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართველთა სტუმართმოყვარეობის, პატრულის თავაზიანობისა და, ზოგადად, ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გამო, მაგრამ მის პრეზიდენტს უცნაურ ადამიანად მიიჩნევდა. მისი აზრით, ის, რაც ბათუმსა და ქუთაისში კეთდება, მხოლოდ პრეზიდენტის ფანტაზიის ნაყოფია და სრულიად შეუფერებელია საქართველოსთვის. სტუმარს ისიც აღუნიშნავს, რომ ველოსიპედის გზებზე არცერთი ველოსიპედისტი არ დაუნახავს... „ზოგიერთ ტურისტს ჰგონია, რომ კარგი და ლამაზი რამ შეიძლება მხოლოდ ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ნახოს, ჩვენ კი მხოლოდ სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობით შეგვიძლია სხვების მოხიბვლა. მალე ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე ინფრასტრუქტურა იქნება, როგორიც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებშია. საიდან გაჩნდება ველოსიპედისტი, თუ ჯერ ველოსიპედის გზა არ გააკეთე?! ჰოლანდიასაც დავეწევით, სხვა ქვეყნებსაც და გავუსწრებთ კიდეც მათ. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას – დრო, ჩვენ კი მოთმინება დაგვჭირდება. დღეს ქუთაისში არა მარტო ველოსიპედის გზას ვხსნით, არამედ ქალაქის ცენტრის ფუნდამენტურ რეკონსტრუქციასაც ვიწყებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, დავით აღმაშენებლის გამზირზე სააკაშვილმა ველოსიპედის გზის 6-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი გახსნა. ამ გზის პირველი სამი კილომეტრი პრეზიდენტმა მეუღლესა და ვაჟიშვილებთან ერთად გაიარა. „ჯერჯერობით არც ისეთი ხავერდოვანი ცხოვრება გვაქვს, როგორც ამ პალმების ბულვარს შეესაბამება, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ? ხომ არ შეიძლება სულ ჩამოძონძილ, ჩამოხეულ ქალაქს ვუყუროთ? ქუჩები უნდა იყოს განათებული, სკოლები ისეთი მოწესრიგებული, როგორც, მაგალითად, ჰოლანდიაშია. ახალი თანამედროვე საწარმოები უნდა გაიხსნას და შემდეგ თანდათან გარშემო ყველაფერი დანარჩენიც მოგვარდება“, – დასძინა პრეზიდენტმა.