თბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურიდან საქინფორმს ატყობინებენ, თემურ შაშიაშვილი საუბრობს გამარჯვების ფორმულაზე, რომელიც, თეთრების აზრით, „ნაციონალური რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანობის სახით წარმოდგება.
„სამწუხაროდ, დღემდე ყოველი ასეთი ერთობა ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა სასარგებლო და არა ქვეყნისა და ხალხისათვის, რადგან ის ყოველთვის იყო მექანიკური.
პოლიტიკაში 1+1 თითქმის არასდროს არ უდრის 2-ს – ან მეტია, ან ნაკლები, უფრო ხშირად კი ნულის ტოლია. პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ ძალთა მექანიკური ერთობის დროს იგი პრაქტიკულად 0-ია, პროგრამული და პოზიციური ერთობის დროს კი – რამდენჯერმე აღემატება 2-ს.პირდაპირ ვთქვათ, განსხვავებულთა ერთობა თითოეულის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. გაუგებარ და მექანიკურ ერთობათა გამო ბევრი, უაღრესად საინტერესო და ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი დასრულდა, ხელისუფლება კი გაძლიერდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სამწუხაროდ, ასეთ ერთობათა შექმნის მოწოდებები ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გახშირდა. ჩემი აზრით, ეს განწყობა ხელისუფლებიდან მოდის.
ვფიქრობ, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში გაერთიანების ფორმულა შეიძლება იყოს: ერთობა ყველა, ვინც არ არის შემჩნეული ხელისუფლებასთან გარიგებაში და ხელისუფლებასთან ხალხის ზურგსუკან მოლაპარაკებებში, არ იმართება ქვეყნის გარედან, ვინც საქართველოს მომავალს ნიჭის ძალაუფლებაში ხედავს, არის უშიშარი, შეუძლია თავგანწირვა, შეუძლია უარის თქმა სკამზე ამ სადისტური ხელისუფლების გაშვების ფასად“, – აღნიშნავს თემურ შაშიაშვილი.
„თეთრების აზრით, ეს არა მარტო ერთობის, არამედ გამარჯვების ფორმულაც არის“, – ნათქვამია განცხადებაში.