სამართალი
ID ბარათების გაცემის არეალი ფართოვდება

Baratebiთბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. ახალი თაობის პირადობის მოწმობის – ID ბარათების – გაცემის არეალი ფართოვდება. თავდაპირველად ბარათები თბილისის ტერიტორიულ სამსახურებში, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში გაიცემოდა. ამჯერად აღნიშნულ რეგიონებს დაემატა: გურიის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთის, მთიანეთის ტერიტორიული სამსახურები და სხვ. სექტემბრის ბოლოს კი ID ბარათები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიცემა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ID ბარათის მიღების დროს მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა. რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, მოქალაქეებს ID ბარათის მიღება იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურებში შეეძლებათ.

ადრე მოქალაქეებს პირადობის მოწმობის გამოსაცვლელად ან აღსადგენად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უწევდათ გამოცხადება შესაბამის სამსახურებში, ახალი სერვისით კი მოქალაქე  დაზოგავს დროსა და ხარჯებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე არ არის დატანილი მოქალაქის მისამართი. თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის, იგი აღარ იქნება ვალდებული, გამოცვალოს ID ბარათი.

დაინტერესებულ პირს მისამართის გადამოწმება შეეძლება იუსტიციის სახლის ვებგვერდზე, სადაც უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, რომელშიც პიროვნებამ უნდა მიუთითოს ბარათის სერიული ნომერი, რის შემდეგაც მოქალაქის მისამართი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება.

ID ბარათის გაცემა 1 აგვისტოდან დაიწყო და დღემდე ელექტრონული პირადობის მოწმობა 10 000-მდე მოქალაქემ მიიღო.