საზოგადოება
„თეთრი მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის განცხადება

TeTrebi44თბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, თეთრების ახალგაზრდული ფრთა პროტესტს გამოთქვამს პირველი არხის მიერ 26 აგვისტოს გამართული ბრიფინგის ტენდენციურ გაშუქებასთან დაკავშირებით და გმობს ჟურნალისტური პრინციპების უხეშად დარღვევას, რაც  პირველი არხის ეთერით ხშირად ხორციელდება. საზოგადოებრივი არხი, რომელიც ფინანსდება მოსახლეობის მიერ, ვალდებულია, ობიექტურად გააშუქოს საქართველოში მიმდინარე ყველა მოვლენა და არა – პირდაპირ შეასრულოს  ხელისუფლების დაკვეთა

გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა უხეში ზეწოლის მექანიზმები აქციის ორგანიზატორებზე, საზოგადოების კუთვნილ ტელევიზიას იყენებს ისევ ხალხის წინააღმდეგ, ცდილობს რა მის მოქცევას საინფორმაციო ვაკუუმში.

„ბრიფინგზე გაცხადდა, რომ  საქართველოსა და  ევროპის 6 ქვეყანაში ერთდროულად იმართება არა შეხვედრები , როგორც ამას პირველი არხი გადმოსცემს, არამედ საპროტესტო აქციები, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში დიქტატურის წინააღმდეგ, რის წინაპირობაც იყო 26 მაისის სისხლიანი მოვლენები.

გადაცემაში უხეშად დაამახინჯეს გიორგი ფარესიშვილის გამოსვლა, სადაც ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულმა დიქტატურამ ემიგრანტებში საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რასაც ჩვენ ვუერთდებით. კონტექსტიდან იყო ამოღებული გიორგი ფარესიშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში გაბნეული ქართველი ემიგრანტები უპატრონოდ არიან მიტოვებული ხელისუფლების მიერ, მათი ნაწილი კი  მოტყუებით იქნა დაბრუნებული სამშობლოში, ცრუ დაპირებით, რომ აქ საარსებო წყაროს იშოვიდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს თეთრების ახალგაზრდული ფრთა.