თბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ივანე ჩიღვინაძისა და შაქრია ზურაშვილის მიმართ. ჩიღვინაძეს ბრალად ედებოდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად. სასამართლოს ინფორმაციით, მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას.
საქმის მასალების მიხედვით, ჩიღვინაძე 26 მაისის ღამეს ავტომანქანის გაჩერების თაობაზე სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და პოლიციელების კორიდორში მყოფ საქართველოს კუდ-ის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი დათიაშვილს დაეჯახა.თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და ივანე ჩიღვინაძეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 წელს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ჩიღვინაძეს მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა-ლენდკრუიზერიც“ ჩამოერთვა.
რაც შეეხება შაქრია ზურაშვილს, მას ბრალი ედება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად. სასამართლოს ინფორმაციით, მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქმის მასალების მიხედვით, შაქრია ზურაშვილმა, რომელიც იყო ბადრი ბიწაძის ოჯახის მძღოლი, 2011 წლის 26 მაისის ღამეს „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქციის ტერიტორიიდან ავტომანქანით გამოსვლისას კუდ-ის თბილისის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ნინოშვილს შეეჯახა, რომელიც აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა მხარეს გადავარდა. ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით CBG-777, რომელსაც მართავდა მძღოლი შაქრია ზურაშვილი, წავიდა მისი მიმართულებით. ლ. ნინოშვილმა შეძლო ფეხზე წამოდგომა და მას ხელით სვლის შეჩერება ანიშნა, შაქრია ზურაშვილმა არ მისცა ლევან ნინოშვილს შესაძლებლობა, უსაფრთხო ადგილას გადაადგილებულიყო. მან ავტომანქანის მართვის სიჩქარეს მოუმატა და მარცხენა საბურავით სამართალდამცველს სხეულზე გადაურა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შაქრია ზურაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლევან ნინოშვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. აღნიშნული შემთხვევის შედეგად ლევან ნინოშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები.
ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას შაქრია ზურაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად იქნა დადასტურებული გამოკვლეული მტკიცებულებებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის შაქრია ზურაშვილს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. ჩიღვინაძის მსგავსად, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომანქანა მასაც ჩამოერთვა.