პუბლიკაციები
ჟურნალისტური გამოძიება: „რატომ დაშალეს ოქრუაშვილმა და საქართველოს პარლამენტმა ბატალიონი „კომანდოსი“

okrამის დაჯერება ძნელია. გენერლები არ არიან ისეთი ხალხი, ვინც გრძნობების მოჭარბებისგან თავს აცრემლების უფლებას მისცემს. მაგრამ ეს მოხდა და მე ვნახე...

ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იაღლუჯის პოლიგონზე მოხდა, სადაც საქართველოს სამხედრო ძალების ბატალიონი „კომანდოსი“, ამერიკული საზღვაო ქვეითების ხელმძღვანელობით, სამხედრო საქმეს ბეჯითად და რეალობაში სწავლობდა (მკითხველს შეუძლია ეს ახლავე იხილოს ჩვენს საიტზე, თუკი ნახავს ექსკლუზიურ ვიდეოს „საქინფორმი წამოგიდგენთ: „კომანდოსი“, რომელიც დაშალეს...“ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ www.saqinform.ge მთავარ გვერდზე)

ვიდეოფილმის ნახვის შემდეგ საქინფორმის მკითხველებისთვის ნათელი გახდება, რატომ მაშინ აუცრემლდა თვალები  გენერალ-ლეიტენანტ თამაზ დუმბაძეს, რომელიც, აქვე აღვნიშნავთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეა... „მიმინოდან“ ფრთიან გამონათქვამს გავიხსენებ („Каждый раз, когда я проезжаю станцию метро «Багратион»...“) და ყალბი მოკრძალების გარეშე ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად სიამაყის ცრემლი იყო - იმ ქართველი ჯარისკაცებით, პირველი არმიული „სპეცნაზით“ გამოწვეული, თავისი უნარ-ჩვევებითა და გაწვრთნილობით დასავლელი ინსტრუქტორებიც რომ გააოცეს!

მაშინ ბატალიონს მეთაურობდა ნიჭიერი ოფიცერი, ქართული სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული (მისივე თხოვნით, ვინაობას არ გავამჟღავნებთ). ქართველი „კომანდოსების“ საბრძოლო უნარ-ჩვევები დღითიდღე უმჯობესდებოდა. მალე თავად ბატალიონის სახელწოდება „კომანდოსი“ ლამის იმ იმედის სიმბოლოდ იქცა, რომ მომავალში საქართველო საიმედოდ იქნებოდა დაცული!

თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ნაფიქრი და წარმოდგენილი იყო... რამდენიმე წელიც არ გასულა, რომ „კომანდოსმა“ თავისი არსებობა შეწყვიტა. და რაც ყველაზე საწყენია და გულზე მოსახვედრი – ის ბრძოლის ველზე მტერთან სასტიკი შერკინებისას არ დაცემულა! ბატალიონის დაშლის მიზეზი სინამდვილეში ერთობ პროზაული აღმოჩნდა და მთლიანად ქვეყნის სამხედრო სარდლობის ნამუსზეა.

(საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სამხედრო სპეცკორი ამ დასკვნის გაკეთებამდე ბევრ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს შეხვდა – როგორც რიგით მებრძოლებს, ისე მეთაურებსაც. მათ უმეტესობას, რომელიც ისედაც საარსებო სახსრებს მოკლებულია, არ სურს, საკუთარი ოჯახები და ახლობლები ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო დევნას დაექვემდებარონ, ამიტომ დღეს მკითხველისთვის ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ. თუმცაღა, ერთის ვინაობას დავასახელებთ - ეს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მკითხველისთვის უწინდელი პუბლიკაციებით ცნობილი ექიმი ლილუა!).

მოგვითხრობს ყოფილი სამხედრო ექიმი, სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი, გიორგი ლილუაშვილი:

„ნატოს ეგიდით მშვიდობის შენარჩუნების საქმეში გაერთიანებული ძალების შემადგენლობაში რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად განსახორციელებელ ოპერაციებში მონაწილეობისათვის  ბატალიონ „კომანდოსის“ ერაყში გაგზავნამდე კარგა ხნით ადრე მე დაბეჯითებით ვატყობინებდი სარდლობას იმის შესახებ, რომ სასმელი წყალი ჩვენი „კომანდოსის“ დისლოკაციის რაიონში დაავადების მატარებელ მიკრობებს შეიცავდა. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა, სამხედრო მოსამსახურეთა შორის სახიფათო დაავადებების გაჩენის მიზეზი გამხდარიყო. თუმცა ჩემს შემაშფოთებელ ცნობებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რბილად რომ ვთქვა, უგულისყუროდ მოეკიდნენ...  შედეგად, გარკვეული დროის შემდეგ, ჩემი შიში სავსებით გამართლდა –ბიჭების ერაყში უუშუალოდ გაგზავნამდე სამედიცინო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში თქვენი მონა-მორჩილიც  ვიყავი, ბატალიონის პირადი შემადგელობის 30 პროცენტი დაიწუნა, რადგან ეჭვი „C“ ჰეპატიტზე მიიტანა!

თუმცა ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. თავისი მისიის (ISAF-ის შემადგენლობაში, – გ. ბ.) წარმატებით შესრულებისა და შინ დაბრუნების შემდეგ  ბევრ ჩვენს მებრძოლს ახალშეძენილი, ანუ ერაყული წარმოშობის, დაავადებებიც აღმოაჩნდა... ამის შემდეგ მოკლე ხანში კი გაირკვა, რომ საქებარი ხელფასის დიდ ნაწილი მკურნალობაზე და არა ოჯახის ღირსეულად შენახვაზე ეხარჯებოდათ! სწორედ მაშინ მოსთხოვეს სარდლობას ხელფასის მომატება, ე. წ. „სამკურნალო ფული“, მაგრამ ამაზე, რატომღაც, უარი სტკიცეს.“

ბოლოს და ბოლოს, საქმემ ხმაურიანი ხასიათი შეიძინა და საქართველოს პარლამენტამდეც მივიდა. ერთ-ერთ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით არხეინად განაცხადა, რომ „ეს ბიჭები მარტოოდენ ფულის გამო მსახურობენ და ამიტომაც ჩვენს არმიას ისინი არ სჭირდება!“ აი ასე, თითქმის ჩანასახშივე მოისპო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების თუ ყველაზე უკეთესი არა,  ერთ-ერთი საუკეთესო ქვედანაყოფის საბრძოლო მატიანე.

დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ მიერ ნახსენები გენერალ თამაზ დუმბაძის ამჯერად – მწუხარედ აცრემლების მიზეზია, და თუკი კვლავ კინოფილმ „მიმინოს“ გავიხსენებდი, ეს იქნება სხვა, ტკივილისა და სირცხვილის ცრემლები  –  იმის გამო, რომ ჩვენ, ქართველებმა, თავად დავანგრიეთ ყველაფერი საუკეთესო, რაც მძიმე შრომით ავაშენეთ: ქართული არმია, რომელიც ისევე, როგორც ყველა ნამდვილი არმია, არა მარტო აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალისგან უნდა შედგებოდეს, არამედ, უპირველესად, იდეოლოგიური და მორალური შემადგენელი უნდა გააჩნდეს – საბრძოლო სულისკვეთება და წვრთნა. და ეს, აფხაზეთში მომხდარი ძმათამკვლელი ომის შემდეგ, სამხედრო მშენებლობის წლებში, თითქმის მიღწეულიც იქნა.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ პატივცემულო მკითხველებო! ამ სტრიქონებს რომ ჩაიკითხავთ, თუკი ეს ჯერ კიდევ არ მოგიმოქმედებიათ, აუცილებლად მიუბრუნდით ჩვენი საიტის მთავარ გვერდს და ნახეთ ექსკლუზიური ვიდეოფილმი „საქინფორმი წარმოგიდგენთ: „კომანდოსი, რომელიც დაშალეს...“ ეს ფილმი ჩვენს  იმ, ერაყამდელ „კომანდოსზეა“, რომელიც ცოტას თუ უნახავს: ფილმი თაროზე მრავალი წლის განმავლობაში იდო, ამიტომ ჩათვალეთ, რომ დღეს, ჩვენი სააგენტოს საიტზე მისი „მეორედ დაბადება“ და, სამწუხაროდ, დაგვიანებული პრეზენტაციაა... დარწმუნებული ვართ, რომ მისი ნახვისას არა მარტო გენერლებს, არამედ  ბევრ ჩვენს მკითხველს – საქართველოს ჭეშმარიტ პატრიოტებს, თვალზე ცრემლები მოადგება.

აქვე დავძენ იმასაც, რომ უკვალოდ გაუჩინარდა არა მარტო  „კომანდოსი“, არამედ ისეთი ჩინებულად გაწვრთნილი ბატალიონებიც, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ალექსეევკაში დისლოცირებული დუშეთის მსუბუქი ქვეითი და დაზვერვის ბატალიონები. ზემოჩამოთვლილი სამივე ქვედანაყოფი, მერწმუნეთ, ნებისმიერი მაღალგანვითარებული ქვეყნის არმიას დაამშვენებდა და გააძლიერებდა!

საინტერესოა,  ჩვენი ქვეყნის – საქართველოს, რომელ დაუძინებელ მტრებს დასჭირდათ მათი,  ისევე, როგორც ტელემაყურებლებში დიდი პოპულარობით მოსარგებლე ყოველკვირეული სამხედრო ტელეგადაცემის – ალმანახი „სპა“ („სამხედრო-პატრიოტული ალმანახი“) განადგურება, სადაც გულმოდგინედ შუქდებოდა სამშობლოს დამცველთა საბრძოლო ყოველდღიურობა?! ნუთუ ხელისუფლებას შეეშინდა თავისივე – ქართული არმიისა, მისი ელიტური, ცეცხლსა და წყალში (თუმცა – დაინფიცირებულში!) გამოვლილი ქვედანაყოფებისა?! ნუთუ ნამდვილი მოტივები გაცილებით ღრმადაა საძებარი, ვიდრე ეს თავდაცვის მინისტრის თვითნებობა და პარლამენტართა არაკომპეტენტურობაა?

ვფიქრობ, ეს მოტივები როგორც ედუარდ შევარდნაძის, ისე საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის, მმართველობისას გახმაურებული „სამხედრო ბუნტების“ უშუალო სიახლოვესაა საძებარი. დროთა განმავლობაში და ჟურნალისტების მონდომების შემთხვევაში იმ მოვლენებსაც ნათელი მოეფინება, თუმცა იმ „კომანდოსს“ ვეღარ დავიბრუნებთ...

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტელეგადაცემა „სპა“-ს ყოფილი ავტორი და წამყვანი, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სპეციალური კორესპონდენტი

გივი ბაქრაძე