სამართალი
მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საკანონმდებლო პაკეტის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების მიერ დასამტკიცებელი სამართლებრივი აქტების მიღების ვადებს.

შეხვედრისას შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეების ვალდებულებებსა და იმ ვადებზე ისაუბრეს, რომლის განმავლობაშიც მათ საკუთარი შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ.

საუბარი შეეხო შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ვალდებულებებსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით მათი მეპატრონეებისთვის გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების ვადებს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროების, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და მისი მოადგილეები.