საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს განსაზღვრული აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა სრულყოფილად მიიღონ. ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციის მოვალეობაა, შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ სრულყოფილი არჩევნები ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეწყალების შეთავაზების მიზეზი იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ, სრულყოფილად მომზადებულიყვნენ არჩევნებისთვის.
„ჩემმა წინამორბედმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დისკრედიტაციისთვის, პოლარიზაციისთვის გამოიყენა, დაარღვია კონსტიტუცია. ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ამ ეტაპზე ეს გამომივიდა. მთავარია სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატივისცემა და, როცა სახელმწიფოს მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო მოქალაქის, რომ თავად იქნები კონსტიტუციის გარანტი და კანონს არ დაარღვევ. გველოდება თვითმმართველობის არჩევნები. პასუხისმგებლობის მქონე ყველა ინსტიტუციის მოვალეობაა, შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები და პოლიტიკურმა პარტიებმა სრულყოფილად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერებს, რომლებიც აპირებენ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ამ ეტაპისთვის სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა, დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, ვთავაზობ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ გამარჯვების ღირსნი არიან, რომ მათ არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.