პოლიტიკა
აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა, მიმდინარეობს ხმების დათვლა

abkhaziiz_viboriთბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 70-პროცენტიანი აქტივობის შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა“, – იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ გუშინ 20:00 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

ცოტა ხნით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების პირველ წინასწარ შედეგებს შაბათს შუადღისთვის გამოაცხადებს.

26 აგვისტოს გამართული კენჭისყრის დროს რაიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში გაიმართება, თუ ვერცერთი კანდიდატი – რაულ ხაჯიმბა, სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი – პირველ ტურში ხმების ნახევარზე მეტს ვერ მოაგროვებს.

თბილისმა, რეგიონში ჩატარებული წინა არჩევნების მსგავსად, 26 აგვისტოს არჩევნებიც დაგმო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მისი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული „ცინიკური აქტი“ უწოდა; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა აფხაზეთში რუსეთის მიერ კონტროლირებად კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილება.

აფხაზეთის მთავარი პროკურორი საფარბეი მიქანბა თბილისის პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს არასდროს მოუხდენია ზეგავლენა აფხაზეთის არჩევნებზე ან მის შედეგებზე.