საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები იყო. მხარეები განიხილავდნენ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს.
ირაკლი ანთაძის განმარტებით, წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადგილი ჰქონდა ე.წ. ბორდერიზაციის 11 ფაქტს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ძელები და მავთულხლართები განაახლეს, ასევე მოხდა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გაკეთება. ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.
„მთავარი განსახილველი კვლავ არის უკანონო პატიმრების და უკანონო ბორდერიზაციის საკითხები. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ათი მოქალაქე. ველოდებით განახლებულ ინფორმაციას. მოთხოვნილ იქნება მათი უპირობო გათავისუფლება, რათა ისინი დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. ვისაუბრეთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. აღნიშნული უკანონო პროცესი განხორციელდა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში. დაფიქსირდა 11 შემთხვევა. ბირდერიზაცია განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – დვანის, ღოღეთის, ტახტისძირისა და ავლევის ტერიტორიაზე და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – წითელუბნისა და ქვეშის ტერიტორიაზე. აღმართულ იქნა უკანონო ინსტალაციები. კერძოდ, მეტალის ბოძების ინსტალაცია, მოხდა მავთულხლართების მონტაჟი და გაითხარა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. მეტი დეტალი შეხვედრის დასრულების შემდეგ გვეცოდინება“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.