საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანი ამზადებს დოკუმენტებს საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში სარჩელის წარსადგენად, რომელიც ეხება აზერბაიჯანის ავიაკომპანიის Azerbaijan Airlines (AZAL) თვითმფრინავ Embraer 190-ის ჩამოვარდნას 2024 წლის 25 დეკემბერს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შაბათს, 19 ივლისს, შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.
თვითმფრინავი ასრულებდა J28243 რეისს ბაქოდან გროზნოს მიმართულებით. ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ხუთი წევრი და 62 მგზავრი. პილოტებს უარი ეთქვათ გროზნოსა და მახაჩყალაში დაშვებაზე. უკვე დაზიანებული თვითმფრინავი გადამისამართდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტში კასპიის ზღვის გავლით. იძულებითი დაშვების მცდელობისას თვითმფრინავი მინდორში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ამ ტრაგედიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. გადარჩა 27 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი, მათ შორის ორი ბორტგამცილებელი.
აზერბაიჯანის ავიაგადამზიდველმა კატასტროფის მიზეზად გარე ზემოქმედება დაასახელა. ბაქოში თვლიან, რომ თვითმფრინავი, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყოფილიყო ჩამოგდებული. „ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია ამის დამტკიცება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ოფიციალური პირებიც ინფორმირებულნი არიან იმის შესახებ, თუ რა მოხდა. კითხვა ისაა, რატომ არ აკეთებენ ისინი იმას, რასაც ნებისმიერი მეზობელი გააკეთებდა ასეთ სიტუაციაში?“ - ციტირებს „რადიო თავისუფლება“ ალიევის გამოსვლას შუშაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ღონისძიებაზე გაიმეორა, რომ ბაქო სურს, რუსეთმა აღიაროს თვითმფრინავის ჩამოვარდნაში თავისი დანაშაული, უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა დასჯა და გადაუხადოს კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებსა და დაშავებულებს. ალიევის თქმით, რუსეთმა კატასტროფიდან შვიდი თვის განმავლობაში ვერც ერთი გარკვეული პასუხი ვერ მიაწოდა ბაქოს მოთხოვნებს.
2014 წელს დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“, MH17-ის რეისის შემსრულებელი თვითმფრინავის, ჩამოვარდნაზე საუბრისას, ილჰამ ალიევმა გაიხსენა, რომ ამ კატასტროფის გამოძიებას 10 წელზე მეტი დასჭირდა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანიც მზადაა, „რამდენი დროც საჭირო იქნება, იმდენი დაელოდოს“.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალიევთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ „ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა“. ამასთან, მან დაადასტურა, რომ იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი გროზნოს აეროპორტში დაშვებას ცდილობდა, „რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებები იგერიებდნენ უკრაინის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებს“, რომლებიც გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უტევდნენ.