სამართალი
თბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ფოსტის რეორგანიზაციის მიზეზით მომსახურე პერსონალის დიდი ნაწილი სამსახურის გარშე დარჩა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ კახეთის რეგიონში ასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს.
თუმცა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, რომელიც საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსად სულ ცოტა ხნის წინათ დაინიშნა, რეორგანიზაცია ტარიფების გაძვირებით დაიწყო. შიდა გზავნილებზე 5 კილოგრამამდე ამანათის გაგზავნა თითქმის 500%-ით გაძვირდა. ამჟამად ეს მომსახურება ნაცვლად 5 ლარისა, 23, 60 თეთრი ღირს. შესაბამისად, გაიზარდა უფრო დიდი წონის ამანათის მომსახურებაც. უცვლელი დარჩა საერთაშორისო გზავნილების ღირებულება. ახალი ტარიფები ძალაში აგვისტოს დასაწყისში შევიდა, თუმცა რატომ გაძვირდა მომსახურება, ამაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.საქართველოს ფოსტას ახალი აქტივებიც დაუმატეს, კერძოდ, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70%-იანი წილი 5-წლიანი მართვის უფლებით. ოფიციალური განცხადებით, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მართვის უფლების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ინიციატორი თავად ფოსტაა.
კულუარული ინფორმაციით კი, ამ გარიგების მთავარი არსი ისაა, რომ მუდამ გაკოტრების რეჟიმში მყოფ ფოსტას, რომლის გაყიდვა ვერაფრით ვერ მოხერხდა, ყოფილ ჩინოვნიკ დავით კეზერაშვილს 5 წლის შემდეგ „ლატარიის კომპანიასთან“ ერთად დაუბრუნებენ.
ცნობისათვის: შპს „საქართველოს ფოსტა“ ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია. კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს დაახლოებით 87 000 კვ მ მიწასა და შენობებს საერთო ფართით 100 000კვ მ.