საზოგადოება
სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მეორე საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ წარდგენილი მეორე საჩივარი დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საჩივარი ეხებოდა მამალაძისა და მისი ადვოკატის სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლო ფარულ მიყურადებას. დეკანოზის მტკიცებით, აღნიშნული ქმედება ზღუდავდა მის უფლებას, თავისუფლად მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის.

თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილი არ იყო საკმარისი მტკიცებულება. სასამართლოს განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შესაძლებლობა ჰქონდა შეუფერხებლად წარედგინა საჩივარი და მასალები ევროსასამართლოსთვის, შესაბამისად, არ დადასტურდა არც კომუნიკაციის უკანონო მოსმენა და არც იმ უფლების შეზღუდვა, რომელიც მიმართულია სასამართლოსთვის ხელმისაწვდომობაზე.

სასამართლომ საბოლოოდ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სტრასბურგის სასამართლოს პირველი საჩივრით ე.წ. “ციანიდის საქმეზე” მიმართა. იგი ამტკიცებდა, რომ დაირღვა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, განსაკუთრებით — ნატრიუმის ციანიდის მოპოვების გარემოებებისა და მტკიცებულებების სანდოობის ნაწილში.

2022 წლის 3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საჩივარიც დაუშვებლად ცნო და დაასკვნა, რომ საქართველოს სასამართლოს მხრიდან გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ვადამდე ადრე, 2024 წლის 14 თებერვალს გათავისუფლდა. მისი ძმა, თორნიკე მამალაძე, მაშინ აცხადებდა, რომ გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საჯაროდ ისაუბრებდა იმაზე, თუ ვინ იდგა „ციანიდის საქმის“ უკან.