საზოგადოება
„არ მესმის, რას ერჩიან რობიკოს! შემთხვევითი ხომ არ არის, რომ მას ხალხი სიყვარულით რობერტს კი არა, რობიკოს ეძახის. რობიკო სტურუა გენიოსია და მის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს შესაბამისი! ის მსოფლიო დონის რეჟისორია. მთავარია, შეცდომა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზონანსი ძალიან ცუდი იქნება და არა მარტო საქართველოში“, – განაცხადა შევარდნაძემ გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გაათავისუფლეს. მიზეზად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ სტურუას ქსენოფობიური განცხადებები დაასახელა. თუმცა რეჟისორმა საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის ეთნიკურ წარმომავლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სააკაშვილის სომხობას მალავენ“, რაც ქსენოფობიურ განცხადებად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს.