თბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ბიზნესგაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის სავაჭრო პალატა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში 6 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ახორციელებს „East-Invest“-ის პროექტს, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ევროკავშირის ბაზარზე წარმატებული შესვლის მიზნით.
საქართველოდან აღნიშნულ პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და ბიზნესგაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, რომელთა მიზანია დახმარების აღმოჩენა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით.პროექტში მონაწილეობას მიიღებს საწარმოთა ორი კატეგორია – ვისაც ევროკავშირის ბაზარზე ბიზნესის წარმოების გამოცდილება აქვს და ვინც აპირებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლას.
მათ რიცხვში გათვალისწინებულია მცირე და საშუალო საწარმოები (რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 100 თანამშრომელს) აგრობიზნესის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტურიზმისა, მდგრადი მშენებლობისა (ენერგოეფექტური ტექნოლოგიების კუთხით) და ტექსტილის წარმოების სექტორებიდან.
პროექტის თანახმად, კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისა და ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მიზნით, ჩატარდება ღონისძიებები: ტრენინგები და სემინარები; ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სავაჭრო მისიებში მონაწილეობის მიღება, ადგილზე პრაქტიკული სემინარებისა და ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება B2B ფორმატში; მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა მათი ბიზნესის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებისათვის.
პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციისათვის (არაუგვიანეს 2011 წლის 15 სექტემბრისა) საჭიროა სპეციალური განაცხადის ფორმის შევსება, მონაწილეებს კი ევროპის სავაჭრო პალატა შეარჩევს.