საზოგადოება
დედოფლისწყაროში ცოფი მძვინვარებს

cofi7თბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი საქინფორმს ატყობინებს, რომ დედოფლისწყაროში შინაური ცხოველებისგან 209 დაკაწრულ-დაკბენილი და ცოფიან კატასთან კონტაქტირებული 32 ბავშვია, რომლებიც ცოფზე მკურნალობენ.

„დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლების პრევენციის არცერთი სახე არ არსებობს, ვცდილობთ ამ საკითხის დასარეგულირებლად ჰუმანური გზა მოვძებნოთ,“ – ჯერ კიდევ 2011 წლის თებერვალში  განაცხადა დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე  ლევან ბაღაშვილმა.

„სანამ ის ამ „გზის ძებნაშია“, მუნიციპალიტეტში 209 ადამიანი მაწანწალა ძაღლის მიერ დაკაწრულ-დაკბენილ იქნა, რომელთაც პროფილაქტიკის მიზნით შესაბამისი აცრა უკეთდებათ. 32 ბავშვი, რომელთაც უშუალო შეხება  ჰქონდათ ცოფიან კატასთან, სრულ მკურნალობას გადის ცოფზე. მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყარო ცოფის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ზონაშია, ამ მხრივ არაფერი  კეთდება“, – ამბობს თამილა გურაშვილი.

„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შესაბამის უწყებას დაავალოს მობილური ჯგუფების შექმნა და სასწრაფოდ ჩაუტარდეს აცრა მთელი რაიონის შინაურ ცხოველებს, ხოლო დაზარალებულებს ვურჩევ, შეიტანონ სარჩელი იმ კომპეტენტური ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რომელთაც ევალებათ მათი დაცვა ამ საშინელი დაავადებისგან. საკრებულოს თავმჯდომარეს კი ვურჩევდით, რომ  იფიქროს მაწანწალა ძაღლების თავშესაფარის შექმნაზე“, – ნათქვამია გზავნილში.