საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად პოლიციას არალეგალების გამოვლენის მიზნით მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილების შემოწმების უფლება ექნება.
გარდა ამისა, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან შეამოწმონ უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდნენ სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
„მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდეს კიდევ უფრო მტკიცე სამართლებრივი გარანტიები, რათა მათ ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.