პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბა: „როგორც ჩანს, არჩევნებში მეორე ტური იქნება“

xajimbaaaთბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. „აფხაზეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც სამი კანდიდატი მონაწილეობს, სავარაუდოდ, მეორე ტური მოჰყვება“, – განაცხადა ერთ-ერთმა კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ.

„როგორც ჩანს, მეორე ტური იქნება“, – განუცხადა მან რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს – „ეხო კავკაზას“, ვადამდელ არჩევნებამდე სამი დღით ადრე.

ბოლო დროს ორ კანდიდატს – ალექსანდრე ანქვაბსა და სერგეი შამბას, შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ხაჯიმბა, გარკვეულწილად, ჩრდილში მოექცა.

2005-2009 წლებში რაულ ხაჯიმბა რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან ეს პოსტი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთის ლიდერ სერგეი ბაგაფშთან ძალაუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა. მართალია, იმ არჩევნებში ხაჯიმბას კანდიდატურას მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს, ბოლო წლებში იგი ხშირად ცდილობდა აფხაზეთის მოსკოვზე ზედმეტი დამოკიდებულება გაეკრიტიკებინა.

2009 წლის მაისში ხაჯიმბამ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა ბაგაფშთან უთანხმოების მოტივით. მან 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბაგაფში იქნა არჩეული მეორე ვადით. მაშინ ხაჯიმბამ, რომელიც ბაგაფშის მთავარი კონკურენტი იყო, ხმების 15.4 პროცენტი მიიღო.

რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი ორ დანარჩენ კანდიდატს თავის კოალიციურ მთავრობაში მიიწვევს.