2025 წლის 19 ივნისს თეთრმა სახლმა, მისთვის დამახასიათებელ არათანმიმდევრულ სტილში, განაცხადა, რომ ტრამპი ორ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას – დაბომბავს თუ არა ირანს. „აშშ-ის პრეზიდენტი აძლევს თეირანს ორკვირიან ვადას, რათა ბირთვული პროგრამის საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს, რაკი აშშ-სა და ირანს შორის კონტაქტები კვლავ გრძელდება და არსებობს მოლაპარაკებების მაღალი ალბათობა, რომლებიც შეიძლება შედგეს ან არ შედგეს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.
თუმცა ტრამპმა თავისი დაპირება არ შეასრულა – ამერიკამ ირანზე სარაკეტო იერიში 2 დღის შემდეგ, 2025 წლის 22 ივნისს მიიტანა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ამერიკის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვიდან ერთმა ფარულმა ავისმოსურნემ ეს თარიღი უკარნახა, რითაც ტრამპს „დათვური სამსახური“ გაუწია, ხოლო „რუს დათვს“ – დიდი საჩუქარი (შესაძლოა, ეს იყო ის, ვინც იმპიჩმენტის შემთხვევაში მის ადგილს დაიკავებდა, ვინც თავდაპირველად წინააღმდეგი იყო და შემდეგ - პირიქით, აქაოდა, რას ველოდოთ, ბოლოს და ბოლოს, ხალხი ყოველდღე იღუპებაო!). მაღალჩინოსანი მრჩევლის მზაკვრულმა გათვლამ გაამართლა – ემოციურმა ტრამპმა, როგორც ჭეშმარიტმა შოუმენმა და პიარ-სტრატეგმა, სიმბოლურ დამთხვევებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მაშინვე იტაცებს ამ იდეას - იმის გაუთვალისწინებლად, რომ 22 ივნისი ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღია. აღნიშნული ფაქტი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში და იქცევა აშშ-ის წინააღმდეგ „შავ პიარად“ - განა ეს პუტინისთვის საჩუქარი არ არის?!
არადა, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმება პრაქტიკულად მზად იყო ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას გააუქმა შეთანხმების წინა ვარიანტი, ამჯერად ვაშინგტონმა ირანელებთან მოლაპარაკების მრავალი რაუნდი ჩაატარა და მრავალ კომპრომისზე წავიდა - თეირანის მისამართით მრავალი მოთხოვნის გაუქმებით. გადაწყვეტილების მიღებაში სწრაფი აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ფრთაშესხმული იყო იემენელ ჰუსიტებსა და სირიის ახალ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებებით, ირანულ ტრეკზე გაცილებით შორს წავიდა, ვიდრე უკრაინულზე. წინასაარჩევნო დაპირება – ორ დღეში დაესრულებინა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი – ხომ ვერც ორ თვეში შეასრულა (თუმცა ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მიწათა ლითონების შესახებ გარიგება დადო და იმედოვნებს, რომ ამით მოახდენს უკრაინისთვის გაწეული 350 მილიარდ დოლარიანი სამხედრო დახმარების კომპენსაციას).
მაგრამ მშვიდობიანი ბირთვული შეთანხმება აშშ-სა და ირანს შორის არ აწყობდა ნეთანიაჰუს, რომელმაც დაახლოვებით ის გააკეთა, რასაც სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში ცდილობდა – აშშ-ს კონფლიქტში ჩათრევას ვგულისხმობ, რათა ერთდროულად დარჩენილიყო ხელისუფლებაში და არ აღმოჩენილიყო ციხეში. დავაზუსტებ: 2008 წელს სააკაშვილის საქმეები ცუდათ წავიდა – პატარკაციშვილის ლიკვიდაციამ 12 თებერვასლს, როგორც ადრე ჟვანიას ლიკვიდაცია 3 თებერვალს, პრობლემა ვერ მოაგვარა; საპრეზიდენტო არჩევნების „მოგება“ შესაძლებელი გახდა მხოლოდ მასშტაბური ფალსიფიკაციით; ელიტურმა კორუფციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია; საპროტესტო მოძრაობა ძლიერდებოდა; ეკონომიკა ინგრეოდა; ეროვნული ვალუტის ინფლაცია და დევალვაცია არ რეაგირებდა ფასადურ რეფორმებზე, შოუ-პრეზენტაციებზე და მიშას დანარჩენ პიარზე, რომელიც ქართველ ხალხს ყელში ამოვიდა.
ნეთანიაჰუსაც, როგორც ცნობილია, დიდი პრობლემები ჰქონდა კანონთან და ოპოზიცია მხოლოდ პატრიოტული მოტივით გაჩუმდა – ღაზას სექტორში ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო. თუმცა კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ხანგრძლივობის ვადა არ აქვს და თავის დროს ელოდება. გარდა ამისა, არსებობს მრავალი შეკითხვა – როგორ მოახერხა ჰამასმა ასე იოლად შეჭრილიყო ისრაელის ტერიტორიაზე 2023 წლის 7 ოქტომბერს, დაერღვია უახლესი ტექნოლოგიებით დაცული ისრაელის საზღვარი და 252 მძევალი აეყვანა? ამიტომ, ომის დაწყება, აშშ-ის ჩათრევა, ტრამპისთვის ირანში რეჟიმის შეცვლის დაპირება ისრაელელბის ხელით – და ამით ირანული ბირთვული პროგრამისა და აიათოლების რეჟიმისგან მარადიული ეგზისტენციური საფრთხისგან გათავისუფლება ნეთანიაჰუსთვის ერთადერთი გამოსავალი გახლდათ. რათა დამატებით არ ჰქონდეს პასუხი გასაცემი პალესტინელთა გენოციდზეც...
მაგრამ ტრამპს, როგორც ყოველთვის, სწრაფი შედეგი სურს – აღმოსავლური გრძელი ნარდი მისი თამაში არაა! განა იმისთვის გააუქმა USAID და გაათავისუფლა პოსტიდან ამერიკის ელჩი საქართველოში (Deep State-ის აგენტი), რომ სახელმწიფო გადატრიალებები – „ფერადი რევოლუციები“ გაეგრძელებინა აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში?! თუ გაამართლებს „არაბული გაზაფხული - 2“ ირანში და ჰამენეი ჰუსეინისა და კადაფის ბედს გაიზიარებს აშშ-ის მონაწილეობის გარეშე – ხომ კარგი, თუ არადა – არც ესაა პრობლემა. ისრაელის იერიშმა ირანზე უკვე მოუტანა აშშ-ს შეუფასებელი სარგებელი – იქცა პატივსაცემ მიზეზად, დისტანცირებულიყო კორუფციაში ჩაფლული კიევის ხრწნადი რეჟიმისგან: გადაეტანა ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინიდან ისრაელში და შეეწყვიტა/შეეზღუდა იარაღის მიწოდება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რესურსების ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის გადამისამართების აუცილებლობის მოტივით. ხოლო იმისთვის, რომ აღარ მოესმინა ზელენსკისა და ევროკავშირის ხელისბიჭების ცრემლიანი ვედრება, ტრამპმა G7 ნაადრევად დატოვა.
ისრაელის იერიშებმა, გაცილებით ეფექტიანმა, ვიდრე ირანის საპასუხო დარტყმები იყო, დააზიანა ირანის ბირთვული ობიექტები, გაანადგურა ირანის გენერალიტეტის ნაწილი და წამყვანი მეცბიერები ბირთვულ ფიზიკის დარგში. ხოლო აშშ-ის მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტის – ფორდოს, ნათანზისა და ისფაჰანის დაბომბვამ 22 ივნისს საერთოდ დააყენა ეჭვქვეშ ირანის ბირთვული პროგრამის არსებობა, ყოველ შემთხვევაში - უახლოეს ხანებში. ისრაელისა და აშშ-ის სარაკეტო-ბომბდამშენმა დარტყმებმა, თუნდაც დროებით, შეამცირა ირანის, როგორც მსოფლიო ნავთობმომწოდებლის როლი, რაც აშშ-ს აძლევს შესაძლებლობას, ბაზარზე შეიტანოს საკუთარი – მშვიდობიან პირობებში არაკონკურენტუნარიანი ნახშირწყალბადები. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, განსაკუთრებით კი აშშ-ის დარტყმამ ირანზე, სრულად აუნაზღაურა ტრამპს იმიჯური ზიანი, რომელიც მან განიცადა უკრაინაში კონფლიქტის მოუგვარებლობის გამო.
ამერიკის გასვლა უკრაინიდან - ოდნავ დაგვიანებული, თუმცა კარგი საჩუქარია ტრამპისგან პუტინისთვის რუსეთის დღის, 12 ივნისისთვის. მთავარია, რომ პროცესი გაგრძელდეს და პენტაგონმა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება ხელოვნური ინტელექტის აღჭურვილი რადიოელექტრონული დაზვერვის, თანამგზავრული სამიზნის განსაზღვრის და სხვა მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით. მაღალი ტექნოლოგიები ამერიკულ ჯარში კარგადაა განვითარებული, სამაგიეროდ, რუსეთის დღის შემდეგ ორი დღეში – 14 ივნისს – გამართულმა სამხედრო აღლუმმა, რომელიც აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომელმაც საერთო პროტესტებისა და ლოზუნგების ფონზე – „არა -მეფეებს!“ – ჩაიარა, აჩვენა, რომ აშშ-ის სახმელეთო ძალები საუკეთესო ფორმაში როდია. ტრამპს კარგად ესმის, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ომი გამორიცხულია და თუ აშშ დაიწყებს ასეთ ოპერაციას ირანში, დაასრულებს ისევე, როგორც ავღანეთში. ხოლო აშშ-ის გარეშე, 9-მილიონიანი ისრაელი 90-მილიონიან ირანთან სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს.
ტრამპსაც და ნეთანიაჰუსაც შესანიშნავად ესმოდათ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ გააჩნია და უახლოეს მომავალშიც არ ექნება. და საერთოდაც, რატომ უნდა ეშინოდეს ისრაელს ირანის, როდესაც ისეთი მოკავშირე ჰყავს, როგორიც ამერიკაა?! რუსეთიც არ არის ისრაელის მტერი – მიუხედავად ამჟამინდელი კონფლიქტისა და ირანთან პარტნიორობისა, მოსკოვი კვლავაც ინარჩუნებს სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობებს თელ-ავივთან. და თუ ვიმსჯელებთ კატეგორიებით – „ვის აძლევს ეს ხელს?“ – მაშინ პირველი საჩუქარი პუტინს სწორედ ნეთანიაჰუმ მიართვა, როცა 13 ივნისს, რუსეთის დღიდან მეორე დღეს, ირანს შეუტია. რადგან ომმა ჩაშალა აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ითვალისწინებდა ირანისთვის სანქციების მოხსნას, რაც არ შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს. იზოლაციაში მყოფი და დასავლური სანქციებით შევიწროებული ირანი იძულებული იყო განევითარებინა სტაბილური ურთიერთობები და დაეგეგმა გრძელვადიანი პროექტები რუსეთთან, ხოლო სანქციების მოხსნის შემდეგ დასავლეთისგან სარგებლის მომტანი წინადადებები უხვად ექნებოდა.
ნეთანიაჰუს საჩუქარი პუტინისთვის არის ასევე ნავთობზე ფასების ზრდა, რისგანაც რუსეთმა ბევრად მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე აშშ-მა. ხოლო თუ სანქციები მოეხსნებოდა ირანს – რუსეთის კონკურენტს ნავთობის ექსპორტში, განსაკუთრებით - ჩინეთის მიმართულებით, ირანი მსოფლიო ბაზარზე დამატებით მოცულობებს გამოიტანდა, რაც ბარელი ნავთობის ფასის ვარდნას გამოიწვევდა და რუსეთი დიდ მოგებას დაკარგავდა. თუმცა, აშშ-ის ჩარევის შედეგად გაჭიანურებული ომიც არ აწყობს რუსეთს, რადგან ის ჩაშლის ირანთან მის ყველა ერთობლივ პროექტს და გამოიწვევს ლტოლვილთა უზარმაზარ ნაკადებს, მათ შორის – მეზობელ აზერბაიჯანსა და საქართველოში. რუსეთს ყველაზე მეტად აწყობს, რომ საქმე აშშ-ის მხოლოდ ერთჯერადი შეტევით – 22 ივნისს განხორციელებული თავდასხმით შემოიფარგლოს, რაც ხელსაყრელია აშშ-სა და ისრაელისთვისაც (აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, ომს აცხადებს კონგრესი და არა პრეზიდენტი, ხოლო ისრაელს კი საერთოდ არ აქვს კონსტიტუცია).
და, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტი – იმ შემთხვევაში, თუ ის მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზრდება, რაც კატეგორიულად არ სურთ არც აშშ-ს და არც ისრაელს – მკვეთრად აძლიერებს რუსეთის, როგორც მნიშვნელოვანი შუამავლის იმიჯს მსოფლიოში, რომელიც კონფლიქტის ყველა მხარეს ესაჭიროება მშვიდობის მისაღწევად. რუსეთი, რომელიც ირანის კონფლიქტამდე მხოლოდ უკრაინასთან არსებული დაპირისპირების მხარე იყო - კონფლიქტის, რომელიც უნდა განესაჯა აშშ-ს, დღეს თავად აღზევდა შუამავლის როლში – ირანსა და აშშ/ისრაელს შორის. და ირანზე აშშ-ის იერიშის შემდეგ, კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევების გამო საყვედურის სათქმელად ენა აღარავის მოუბრუნდება.
ეჭვგარეშეა, რომ ახლო აღმოსავლურ კონფლიქტში რუსეთის ჩაურევლობა გათვალისწინებული იქნება აშშ-ს მიერ უკრაინაში კონფლიქტის გადაწყვეტის დროს. ჯერ კიდევ თებერვალში, როცა გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო ამერიკული – მოკლე და „რბილი“ – ვარიანტი რეზოლუციისა უკრაინის შესახებ (რომელსაც შეუერთდნენ ალბანეთი, არგენტინა, უნგრეთი, საქართველო, ისრაელი და ჩრდილოეთ მაკედონია), ნათელი გახდა, რომ ტრამპს და პუტინს ერთმანეთთან ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობები იმდენად ძვირფასად მიაჩნიათ, რომ ირანის გამო მათი საფრთხის ქვეშ დაყენება არ სურთ.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 22 ივნისი
საქართველო, თბილისი