აქტუალური
საქსტატი: 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 790.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 594.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 14.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 7 196.1 მლნ. აშშ დოლარს, ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4 601.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 211.2 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 132.8 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 055.6 მლნ. აშშ დოლარით.