თბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. აბსურდული ბრალდებების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ვაშაძის უწყება რუსეთის საგარეო უწყების მიერ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. განცხადების ტექსტს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
განსაკუთრებით შემაშფოთებელია განცხადებაში ღიად დაფიქსირებული უპატივცემულობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მიმართ. ადამიანები, რომლებიც საკუთარი საცხოვრებლებიდან გამოდევნილი იქნენ რუსული ძალებისა და საოკუპაციო რეჟიმების მიერ, განცხადებაში მოხსენიებულნი არიან, როგორც აგრესიული ჯგუფი სიტუაციის დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების განხორციელების მიზნებით. საიდუმლო არაა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ყველა საერთაშორისო ფორუმზე ეწინააღმდეგება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პროცესის დაწყებას. აღნიშნულ „ძალისხმევას“ დღეს ცინიზმიც დაემატა. ამგვარად, ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით პოზიციის ნათელი მაჩვენებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო ემზადება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მასობრივი უკანონო შეჭრისათვის ე. წ. მშვიდობის მარშის ნიღაბქვეშ, რაც რუსეთის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მესამე წლისთავს უკავშირდება“.
როგორც ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „აქციის სცენარი ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მასობრივ უკანონო შეღწევას მშობლიურ სახლებში ლტოლვილების დაბრუნების ლოზუნგებით“... „ცალსახად ვაფრთხილებთ ქართულ მხარეს, თავი აარიდოს რეგიონში ახალი ავანტიურის წამოწყებას“, – ნათქვამია განცხადებაში.