სამართალი
ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია საქართველოს ხელისუფლებას ადვოკატ რომან პაპიძის სასწრაფო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

papidzeთბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ორგანიზაციის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნული, „მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ რამინ პაპიძეს, რომელიც კლიენტების ინტერესებს იცავდა, სასამართლო დარბაზში ჩადენილი ვითომდა ცუდი საქციელის გამო 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა, ამჟამად იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასწარი დაკავებით იმყოფება და შიმშილობას აცხადებს“. პაპაძის დაკავების გამო ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია შეშფოთებულია.

„გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ეყრდნობა სასამართლოს ბოქაულების განცხადებებს და არ ითვალისწინებს სასამართლო დარბაზში წარმოდგენილ სხვა მოწმეთა ჩვენებებს. გარდა ამისა, პაპიძეს არ მისცეს საკმარისი დრო, რათა ადეკვატურად მომზადებულიყო თავის დასაცავად. დაკავებამდე პაპიძე რამდენჯერმე იქნა დაჯარიმებული სასამართლო საქმის წარმოების განმავლობაში, რომელიც აღძრული იყო მისი კლიენტების წინააღმდეგ 21 მაისს მომხდარი პროტესტის გამო. მიღებული მტკიცებულებების თანახმად, ნათელი ხდება, რომ პაპიძე, რომელიც მოქმედებდა როგორც სახელმწიფოს მიერ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად მიჩნეული პიროვნებების წარმომადგენელი ადვოკატი, ზემოთ აღნიშნულ დაჯარიმებასა და დაკავებასთან ერთად სხვადასხვა ფორმის რეპრესიული ზომების მსხვერპლი გახდა“, – ნათქვამია მიმართვაში.

ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ
„ადვოკატების დამოუკიდებლობა დემოკრატიის და სამართლებრივი ნორმების ეფექტიანობის ძირითადი განზომილებაა, ხოლო სიტყვის თავისუფლება არსებითი ფაქტორია ადვოკატებისათვის თავიანთი პროფესიული პრაქტიკის განხორციელებაში და კლიენტების უფლებების შედეგიანად დაცვისათვის“. ობსერვატორია ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. კერძოდ: „დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რომან პაპიძე, მიუკერძოებლად იქნეს გამოძიებული მისი საქმე, პაპიძეს პროფესიული ფუნქციების თავისუფლად და სრულად განხორციელებაში ხელი არ შეეშალოს, უზრუნველყოფილ იქნეს, რომ საქართველოში ადვოკატები მოვალეობებს ნებისმიერ პირობებში თავისუფლად და დამოუკიდებლად ახორციელებდნენ, ადვოკატთა წინააღმდეგ დისციპლინარული საქმისწარმოება მიუკერძოებელი დისციპლინარული კომიტეტის წინაშე იქნეს წარდგენილი, რომელიც იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისგან შედგება, ასევე, უზრუნველყოფილ იქნეს ადვოკატების მიერ პროფესიული ფუნქციების დაშინების, დაბრკოლების, შევიწროების ან არასათანადო ჩარევის გარეშე განხორციელება“.