აქტუალური
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ქალაქ ვიზბადენში გამართულ აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართველი გენერალი იუბილეზე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ დონაჰიუსმა პირადად მიიწვია.

ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ გენერალს აშშ-ის არმიის იუბილე მიულოცა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ტრანსფორმაციაში აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილი. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა იმ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკული მხარე საქართველოს თავდაცვის ძალებს უწევს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.