რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ძალის უფლება

   21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი მთავრდება და უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს კვლავ ძალა მართავს და არა სამართლიანობა, „ჯუნგლების კანონი“ და არა დემოკრატია, ოღონდ დღეს ქვები მაღალტექნოლოგიურმა იარაღმა ჩაანაცვლა. ამ სამხედრო ძალის დანიშნულებაც უცვლელია - ტერიტორიების მიტაცება/კონტროლი და გამდიდრება. უახლესი მაგალითია ისრაელის აგრესია ირანის წინააღმდეგ.

   2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლებმა ღაზას სექტორის მხრიდან გადაკვეთეს ისრაელის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ზემძლავრად დაცული საზღვარი და 252 მძევალი გაიტაცეს. დიდი ალბათობით, ეს იყო ისრაელის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია ღაზას სექტორის დასაბომბად საბაბის მისაღებად შემდგომი კონტროლისთვის მთელ პალესტინაზე და ირანზე სარაკეტო დარტყმებისთვის. ამ ფაქტით თავდაპირველი აღშფოთება, რომელიც თავად ისრაელშიც გაჩნდა, განსაკუთრებით - სამხედროებს, მზვერავებსა და პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ღიად ალაპარაკდნენ ღალატზე, ასევე საპროტესტო აქციები კორუმპირებული ბიბის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით, დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

   თუ ირანის პასუხი ისრაელისთვის გასულ წელს (2024 წლის 13 აპრილი) ისეთივე დამანგრეველი იქნებოდა, როგორც დაპირდნენ, შესაძლოა, ირანზე ისრაელის ამჟამინდელ იერიშს (2025 წლის 13 ივნისი) ადგილი არ ჰქონოდა, ან თავდასხმა ნაკლებ მასშტაბური ყოფილიყო. „ირანი სუსტია, ისრაელი ძლიერია!“ - ეს სტერეოტიპი მაშინ გაჩნდა და საბოლოოდ დადასტურდება, თუ ახლა, მეორედ, ირანი პროპორციულად ან უფრო მეტად არ უპასუხებს. რატომღაც, ყველა თავს არიდებს ისრაელის თავდასხმის კვალიფიკაციას ირანზე, რომელსაც, თელ-ავივის მოთხოვნით, ეკრძალება ურანის გამდიდრება. არადა, გასულ წელს ისრაელის ავიადარტყმა, რომელმაც დამასკოში ირანის საკონსულოს შენობა გაანადგურა (2024 წლის 1 აპრილი), გაეროს და მსოფლიო საზოგადოების მიერ ტერაქტად რომ კვალიფიცირებულიყო, ისრაელი აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან გათანაბრებულიყო, დღევანდელი თავდასხმა ირანელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მეცნიერების განადგურებით არ მოხდებოდა.

დიახ, „ვიღაცამ“ ნავთობის ფასების მატებაზე დიდი ფული იშოვა და აქცენტმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციის, როგორც წარუმატებელი შუამავლის იმიჯი ყველაზე მეტად შელახა, ახლო აღმოსავლეთზე გადაინაცვლა (ამერიკულ იარაღთან ერთად!), თუმცა ამ ყველაფრის გამო თავად ისრაელელებმა ბევრი რამ დაკარგეს. ისრაელი თითქმის 2 წელია დიდ ეკონომიკურ დანაკარგებს განიცდის - ბიზნესი გაჩერდა, ქვეყანა სამხედრო რეჟიმში ცხოვრობს და არმიისთვის მუშაობს, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანურ დანაკარგებზე, თუმცა მცირეზე.

გაბედავდა თუ არა ისრაელი, თავისი უდავოდ ძლიერი არმიით, ირანის წინააღმდეგ ასეთი უხეში ქმედებების განხორციელებას, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, მის უკან კიდევ უფრო დიდი ძალა - აშშ რომ არ მდგარიყო? რიტორიკული შეკითხვაა...

   ახლა განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებმა რუსეთის ტერიტორიაზე შექმნა ილუზია, რომ რუსეთი სუსტია (ისევე, როგორც „ირანი ისრაელთან შედარებით“) და ომს უკრაინასთან აგებს. ეფექტიანმა პიარმა და ძლიერმა უკრაინულმა პროპაგანდამ ჩაახშო იმ მცირერიცხოვანი ანალიტიკოსების ხმა, რომლებიც ფაქტებზე დაყრდნობით განმარტავდნენ, რომ უკრაინა, რომელიც ტერორისტულ კიევის სახელმწიფოდ გარდაიქმნა, დასავლეთის სამხედრო დახმარებითაც კი ვერ შეძლებს რუსეთის სახელმწიფოს დამარცხებას - რუსეთის, რომელმაც „ისლამური სახელმწიფო“ გაანადგურა. ხოლო ნატოს პირდაპირი ჩართვა ომში უკრაინის მხარეს ნიშნავდა ბირთვულ კონფლიქტს არაპროგნოზირებადი შედეგებით, რაც ყველას არ აწყობს.

ამიტომ, ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელებმა, რომლებიც არ ერიდებიან მოქნილი საგარეო პოლიტიკის რყევებს, გადაწყვიტეს, დისტანცირება მოეხდინათ რუსეთისგან, რომელიც ფრონტზე „მარცხს“ განიცდის და დასავლეთის წინაშე „დამარცხებისთვისაა განწირული“. შესაბამისად, რუსეთისგან დისტანცირებამ გამოიწვია მისი მოწინააღმდეგეების ბანაკთან დაახლოება. უმალ დავასახელებ ყაზახეთს, სომხეთს, თურქეთს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ახლა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTG) გაძლიერების დროა და აზერბაიჯანიც აიყოლია. ბაქოში დაიხურა „რუსული სახლი“ («Русский дом»), მედიაჯგუფ „Russia Today“-ის წარმომადგენლობა „Sputnik Azerbaijan“-ი გაუქმდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 9 მაისს მოსკოვში დიდი გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავადარ ჩავიდა, ხოლო ყაზახეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩასულმა აზერბაიჯანელმა ოფიცრებმა კატეგორიულად უარი თქვეს რუსულ ენაზე სწავლაზე.

მაშინ, როდესაც ევროპა უარს ამბობს რუსეთის ენერგომომარაგებაზე, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, სარგებლა მომენტით და მიეყიდა მისთვის კასპიის გაზი და ნავთობი, რითაც ფანტასტიკურ მოგებას მიიღებდა. თუმცა, მოსკოვმა, სამხრეთ კავკასიელ მეზობლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, წინდახედულად იმოქმედა, თავშეკავება და ტაქტი გამოიჩინა, როგორც ეს ადრე სომხეთისა და საქართველოს მიმართებით გააკეთა და... მოიგო!

მეტიც, მიმდინარე წლის 4 მაისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ბაქოში ჩავიდა და აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას, წმინდა მოციქულთასწორი თავადისქალი ოლგას I ხარისხის ორდენი გადასცა „საზოგადოებაში ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში, კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.

   შედეგად, როდესაც უკრაინამ აშშ თავისი ახირებებით დაღალა, რუსეთი კი სტაბილურად წინ მიიწევს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ამერიკელი ხალხის სახელით რუსებს რუსეთის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რუს ხალხს „უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, პრეზიდენტმა ალიევმა, ისევე როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმა, გულითადად მიულოცა პრეზიდენტ პუტინს: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ხალხებისა და ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავაც მთელ ძალისხმევას მივმართავთ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების განსამტკიცებლად და მრავალმხრივი ურთიერთქმედების გასაძლიერებლად სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით“, - ხაზგასმულია მილოცვაში.

   ბაქომ და ერევანმა ალბათ გააცნობიერეს, რომ რუსოფობია და ნატო-ევროკავშირთან თანამშრომლობა მათ არანაირ დივიდენდს არ მოუტანს - განსხვავებით სრულიად ჯანსაღი სურვილისგან, უკან ჩამოიტოვონ თავიანთი კონკურენტი - რუსეთი - ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნახშირწყალბადების მიწოდებაში.

   დასასრულ - საქართველოს შესახებ, რომელიც დღეს მაგალითსა და იმედს იძლევა და არა მხოლოდ რეგიონალური მოთამაშეებისთვის. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელები დღეს საჯაროდ ამხელენ დასავლეთის - ევროკავშირისა და ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელობ, მათ ელჩებს საქართველოში, „საქართველოს მეგობრებს“ აშშ-ის კონგრესსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორპირობასა და ორმაგ სტანდარტებში, რაც, საქართველოში უცხოელი აგენტების - რადიკალური ოპოზიციის დროშის ქვეშ მდგომი მრავალათასიანი „მეხუთე კოლონის“ არსებობის გათვალისწინებით, დიდი გამბედაობაა.

ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების გამოძიების საპარლამენტო კომისია (რომელსაც ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს) ისტორიულ საქმეს აკეთებს - ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს. თუ ეს ტრენდი გაგრძელდება და ე.წ. Deep state ფორსმაჟორული გარემოებების გამო ხელისუფლებაში ვერ მოხვდება, მაშინ უახლოეს მომავალში ამერიკა და საქართველო რუსეთის საუკეთესო ბუნებრივი სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან.

შესაძლოა, სწორედ მაშინ დადგეს დრო ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალაუფლებისთვის, ხოლო ძალის უფლება საბოლოოდ წარსულს ჩაბარდეს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის “ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

13.06.2025
საქართველო, თბილისი