საზოგადოება
ლეიბორისტული პარტია მედპერსონალს ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებს

nestan-kirtadze3თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, მგზავრებისა და მსახიობების შემდეგ დღეს „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ სპეციალური განცხადებით მიმართავს ამ დღეებში უკვე 7 გაყიდული და გასაყიდად გამზადებული 50 პოლიკლინიკის ექიმებს და იქ დასაქმებულ პერსონალს. ხელისუფლება და მისი ძალადობის ზაფხულის პოლიტიკა ხალხს სასიცოცხლოდ აუცილებელ ამ მომსახურებასაც აცლის ხელიდან. პოლიკლინიკები ერთმანეთის მიყოლებით იყიდება და, ერთი მხრივ, მუნიციპალური ქონება გადადის საზოგადოებისათვის უცნობი მფლობელების, სავარაუდოდ კი, ხელისუფლების, მათი ოჯახის წევრების ან მათთან დაახლოებული ბიზნესჯგუფების ხელში; ხოლო მეორე მხრივ, ხალხი – ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი მომსახურების გარეშე, ხოლო ექიმები და აქ დასაქმებული ადამიანები უმუშევრები რჩებიან.

„ლეიბორისტულმა პარტიამ წლების მანძილზე თავისი პრინციპული და თავდაუზოგავი ბრძოლით შეძლო პოლიკლინიკების ხალხისთვის შენარჩუნება. ახლა მოგიწოდებთ თქვენ, რომ მთელი პრინციპულობით წამოიწყეთ ბრძოლა ამ ძალადობის წინააღმდეგ; გახსენით საველე პოლიკლინიკები პირდაპირ ავლაბრის რეზიდენციასთან და დაანახვეთ ხელისუფლებას მისგან დაავადებულ და უუფლებოდ მიტოვებულ რამდენ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება.

გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა უნდა ისწავლონ და შეძლონ ბრძოლების წარმოება ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ.

გვინდა, იცოდეთ და გჯეროდეთ, რომ ასეთი პატარ-პატარა ბრძოლები მიგვიყვანს დიდ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ნესტან კირთაძემ.