ზუგდიდი, 24 აგვისტო, საქინფორმის კორ. ლადო ქირია. ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ნაშელუს უბნის სასაფლაოსთან უვადო შიმშილობა გამოაცხადა ამ სოფლის მკვიდრმა, საქართველოს მწერალთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე შუკო ჯიქიამ. აქციის დაწყების მიზეზი იტალიური ფირმა „ფერეროს“ მიერ სოფლის ტერიტორიების მიტაცება გახდა, სადაც თხილის პლანტაციების გაშენებაა გათვალისწინებული. მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საძოვრების გარეშეა დარჩენილი.
„ხალხი დაშინებულია, დაჩმორებულია... მკვდრებს ჰგვანან, ყველანი ამ ხელისუფლების ხელში ცოცხალ-მკვდრები ვართ და უმჯობესია, მე ვიყო ნამდვილ მკვდრებთან. ამიტომაც გადავწყვიტე, ვიშიმშილო სასაფლაოზე“, – აღნიშნა შუკო ჯიქიამ.მისივე თქმით, მას იმ მიწას ართმევენ, სადაც დაიბადა და გაიზარდა და იტალიელ გადამთიელებს აძლევენ. იშიმშილებს მანამ, სანამ ხელისუფლება ხელს არ აიღებს მიწის გასხვისების განზრახვაზე. სასაფლაო კი, სადაც შუკო ჯიქია შიმშილობს, გადაჰყურებს იტალიელების მიერ მისაკუთრებულ, შემოღობილ და დამუშავებულ ტერიტორიებს.
„ფერერომ“ 75 ჰა მიწა კირცხლელებს უკვე წაართვა და ახლა დარჩენილი 75 ჰა-ს დაკავებასაც აპირებენ.
„იტალიელებმა მოგვატყუეს – შეგვპირდნენ, 35 ჰა-ს დაგიტოვებთ საძოვრებისთვისო, მაგრამ, ვატყობთ, რომ იმასაც არ გვიტოვებენ. ჩვენ უძლურნი ვართ, მათ წინ აღვუდგეთ, რადგან ხელისუფლება მათ მხარესაა“, – აცხადებს სოფლის მკვიდრი ელგუჯა სონგულია.