მოვალეთა რიცხვის ზრდის ფონზე ბიუჯეტი ივსება
თბილისი, 24 აგვისტო,
საქინფორმი. სააღსრულებო ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხის ოდენობამ 2011 წლის 7 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ მოიმატა. 2011 წლის მონაცემებით სახელმწიფო ბიუჯეტში 76,487,836. 62 ლარი გადაირიცხა; 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 38,127,786.55 ლარი იყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოვალეთა რეესტრის მონაცემები ყოველდღიურად იზრდება, ასეთი სხვაობა გასაკვირი არ უნდა იყოს. მხოლოდ 20-22 აგვისტოს მონაცემების შედარებისას, აღმოჩნდა, რომ მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა თითქმის 100 ერთეულით გაიზარდა.
მომავალში მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდას ექსპერტები არ გამორიცხავენ, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებენ.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული ჯარიმების გადაუხდელობისას დარიცხული საურავების გადაუხდელობის შემთხვევაში კუთვნილი ქონება დაყადაღებას ექვემდებარება და მის მიმართ სააღსრულებო წარმოება დაიწყება, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.