პუბლიკაციები
საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: „ნაციონალები“ და ნაციონალური საკითხი

arno72011 წლის 26 მაისს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – თანამედროვეობის სახელგანთქმულმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ, კორესპონდენტის კითხვაზე – „შეიძლება თუ არა ადამიანს (იგულისხმებოდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი) ასე არ უყვარდეს თავისი სამშობლო?“ უპასუხა: „სომეხია და რა ვქნათ...“ , რითაც იმ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა, რომ სააკაშვილი ქართველი არაა, შესაბამისად, საქართველო მისი სამშობლო არ გახლავთ და ვალდებული არ არის, სამშობლოსავით უყვარდეს. ზემომოყვანილი სიტყვების კვალდაკვალ სტურუამ მოიხსენია საქართველოში საყოველთაოდ პატივცემული წმიდა შუშანიკი – ეთნიკური სომეხი – როგორც საქართველოს სიყვარულისა და მისდამი თავდადების მაგალითი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას სახით 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებით რ. სტურუა ქსენოფობიის ბრალდებით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა...

საქართველოს „დემოკრატიის შუქურას“ –  ვერა, მაგრამ, სამაგიეროდ,  მსოფლიოს ერთ-ერთ თეატრალურ დედაქალაქს ნამდვილად უწოდებ. ამიტომ ამ მოვლენამ სერიოზულად ააფორიაქა ქართველი საზოგადოება და ბუნებრივი კითხვაც დაბადა: თუკი სომხური, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ეთნიკური წარმომავლობა, უნდა გეამაყებოდეს (როგორც საჯაროდ და არაერთგზის განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა), მაშინ რატომ დასაჯა ხელისუფლებამ სტურუა? „მათთვის, ვისაც სომხები არ უყვარს, სომეხი ვიქნები!“ – განა ეს სააკაშვილის სიტყვები არ არის? განა საქართველოში ადამიანის სომხად მოხსენიება ამიერიდან შეურაცხყოფა ანდა დანაშაულია, რომელიც სასჯელს იმსახურებს?! არადა, ჩვენს ხელისუფალთა ლოგიკით სწორედ ასე გამოდის...

(ამ პუბლიკაციის მიზანს არ წარმოადგენს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ეთნიკური წარმომავლობისა და გენეალოგიური ხის შესწავლა, მით უფრო, რომ მისი სომხური წარმოშობისა თავად სომხებსაც არ სჯერათ: „სომეხი ასეთ სიბრიყვეს არ ჩაიდენს“! – აცხადებდნენ ისინი 08.08.08 ომის შემდეგ).

მოდი, თანმიმდევრული ვიყოთ: მაშასადამე, ამიერიდან საქართველოში თუკი ვინმეს „გალანძღავ“ და სომხად მოიხსენიებ, სულ ცოტა, სამსახურის დაკარგვა გემუქრება. კეთილი, მაგრამ, გემუქრება კი მსგავსი უსიამოვნებები, თუ ვინმეს „ქართველს“ უწოდებ? რატომაა ეს პირველ შემთხვევაში ქსენოფობია, ხოლო მეორეში – ქათინაური?! ვინ დააკანონა ორმაგი სტანდარტები სრულებით იდენტური პრეცედენტების კვალიფიკაციისას?  ერთხელ მაინც დაისაჯა რომელიმე სომეხი, ვინც სომხურად „ქართველის“ წარმოთქმისას აუცილებლად ამატებს ეპითეტ „ბრიყვს“ („ტუტუც ვრაცი)?

„პირველ შემთხვევაში ეს ქსენოფობიაა, რადგან სომხები ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ!“ – შემომედავებიან, ალბათ, ჩვენი ხელისუფალნი და აქვე მივუგებ: „განა ეთნიკური სომხები, რომლებიც საქართველოს მთელი მოსახლეობის  15 პროცენტს შეადგენენ, ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ?! რანაირი „უმცირესობაა“ – დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე და რა შუაშია აქ ქსენოფობია?! (ეს თანაბრად ეხება აზერბაიჯანელებსაც, რომელთა რიცხვიც საქართველოში დაახლოებით 300 ათასს შეადგენს).

ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „ქსენოფობია“ (ბერძნული სიტყვიდან ξένος, „უცხო“ და φόβος, „შიში“) – ეს რაიმე ან ვინმე უცხოსადმი, უჩვეულოსა და უცნობისადმი შიშია; უცხოს აღქმა როგორც გაუგებარისა და შეუცნობელის, ამიტომაც – საშიში და სახიფათო“. ერთი მითხარით, როდიდან იქცნენ საქართველოში საუკუნეობით მცხოვრები სომხები ავტოქტონური ქართველი მოსახლეობისათვის უცხოდ, უჩვეულოდ,  გაუგებრად და შეუცნობლად?  რომელმა ხალხებმა გადაიღეს ერთმანეთისგან ტრადიციები და კულტურა ქართველ და სომეხ ხალხებზე მეტად?!

და რატომაა, თავისი „პროდასავლურობით“ მოამაყე  ჩვენი „ფირმენი“ ხელისუფლება, დაუღლელად რომ კიცხავს „საბჭოურობას“, მოცემულ შემთხვევაში, ეგზომ არათანმიმდევრული აღმოჩნდა და საბჭოთა პარტხელმძღვანელობისგან გადაიღო ტერმინი „ეროვნული უმცირესობა“, „ნაცმენები“?  განა ეს შენიღბული ქსენოფობია ან, როგორც მინიმუმ, სხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხთა „ნაცდაცინვა“ არ არის?! თუმცა საბჭოთა ხანაში სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფ 15 რესპუბლიკაში ე. წ. ნაცმენებისათვის გათვალისწინებული იყო კვოტები: უმაღლესში ჩაბარებისას, სკკპ რიგებში მიღებისას, ხელმძღვანელ  საბჭოთა, სამეურნეო და პარტიულ თანამდებობებზე დანიშვნისას, საზღვარგარეთ გამგზავრებისას. შეუძლია კი „ნაცმოძრაობას“, აგრერიგად რომ  არეკლამებს თავის დემოკრატობასა და ტოლერანტობას, დაიკვეხოს ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით ხელისუფლებაში ან მმართველი პარტიის ხელმძღვანელობაში?

არა, თუ არ ჩავთვლით საეჭვო ბექგრაუნდიდან ორიოდე მარიონეტს (მათ ოდიოზურ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ: ჯერ ერთი, რომ ამით პუბლიკაციამ შესაძლოა პირადული ხასიათი მიიღოს, და მეორეც, ამ შტრეიკბრეხერთა მავნებლური საქმიანობა, არაქართული გვარების გარდა თავის ხალხთან არაფერი რომ არ  აკავშირებთ, დღეს უჩემოდაც საკმარისად ლუსტრირებულია).

მაშ, რით ავხსნათ საქართველოს ხელისუფლების ასეთი არაადეკვატური და კონტრპროდუქტიული ნაციონალური პოლიტიკა?

„ხელისუფლება იძულებულია, ასე იმოქმედოს, მან უნდა დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ საქართველო – დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც საიმედოდ იცავენ ყველა უმცირესობას – ეროვნულს, რელიგიურს, სექსუალურს!“ – შემომედავება ზოგიერთი და მათ სიტყვებში არის თავისებური ლოგიკა. რა თქმა უნდა, როცა საქართველო არასაიმედო ქვეყნების 177-ადგილიან რეიტინგში 37-ე ადგილზეა („Failed States Index“,  წითელ ზონაში „Alert“); როცა „Freedom House“-მა ქართული მედია „ნაწილობრივ თავისუფლად“ (ანუ არათავისულად!) აღიარა; როცა გაეროს მონაცემებით, საქართველოს 1.8 მლნ მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება; როცა უმუშევარტა (NDI-ის მონაცემებით – 73 პროცენტი) და პატიმართა (40.000-მდე)  რაოდენობამ გინესის რეკორდების წიგნის სადარ კრიტიკულ დონეს მიაღწია, „საქართველოს ნაციონალურ მოძრაობას“, მით უფრო – წინასაარჩევნოდ (საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობისა) სასიცოცხლოდ ესაჭიროება დასავლეთის მორალური და მატერიალური მხარდაჭერა, რათა თავად არ გადაიქცეს უმცირესობად, ოღონდ არა – ეროვნულ, არამედ ხელისუფლებაში... არადა, არჩევნების წაგება „ნაცმოძრაობის“ ელიტისთვის არა მარტო უმრავლესობიდან უმცირესობაში გადასვლას ან პოლიტიკური ასპარეზის საბოლოოდ დატოვებას ნიშნავს, არამედ რეალურ პასუხისგებაში მიცემას.

ამის გარდა, არსებობს სხვა მიზეზიც, რომელიც სრულებითაც არ უკავშირდება „მულტიკულტურისა და მულტიეთნიკურობის“ დაცვას სახელმწიფოში – ის სწორედაც რომ ქსენოფობიაა, რაც საქართველოს ამჟამინდელ  ხელისუფლებას სჭირს: ყველა პიროვნება, რომელიც ქართველ საზოგადოებაში დამსახურებული ავტორიტეტით ან ელემენტარული გავლენით სარგებლობს, „ვარდოსანთა რევოლუციური“ გუნდისთვის იმთავითვე მიუღებელი და აშკარად სახიფათოა (იმათ გარდა, ვინც მათ სამსახურში დგას და, შესაბამისად, კმაყოფაზე). 2003 წელს ხომ, როცა „ნაციონალები“ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, ხელი მოაწერეს არა ეროვნულად ორიენტირებულ პროგრამას, არამედ გლობალიზმ-კოსმოპოლიტიზმის იდეალების ერთგულების ფიცს, რომლისთვისაც დღემდე არ უღალატიათ. ამიტომ საქართველოში ხელისუფლების ავტორიტეტზე მაღლა არ უნდა იდგეს არაფერი –  არც პატრიარქი, არც მონარქი, არც კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი, არც, მაპატიეთ და, „კანონიერი ქურდები“... აქედან იღებს სათავეს ბრძოლა „წითელ ინტელიგენციასთან“, რომელიც „უნიტაზში ჩარეცხეს“; ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროება, რომელიც უფლებებით  ერთ-ერთ რელიგიამდე „ჩამოაქვეითეს“; პატრიარქის მიერ მხარდაჭერილი კონსტიტუციური მონარქიის იდეის ბინძური დისკრედიტაცია;  ბრძოლა „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც, უბრალოდ, გაანადგურეს...

რა შედეგს მოუტანს ეს პოლიტიკა საქართველოს და მის მრავალეროვან ხალხს?

პირველი: მოვიდა დრო, გავაცნობიეროთ, რომ  საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას თავის თარგზეც რომ არ მოერგო და სულ მთლად  ბრმად მისდევდეს დასავლეთის რეკომენდაციებს,  ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის სავსებით უსარგებლო გამოდგა. უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე მართლმადიდებელი ქართველი ხალხის მენტალიტეტისთვის  უცხოა ერთსქესიანი ქორწინებები, ჰომოსექსუალიზმი და ეუთანაზია და, რაც მთავარია, ჩვენმა „მასწავლებლებმა“ თავად დაისხეს თავსლაფი: ნახეთ – ახლახან იქაურმა „ნაცუმცირესობებმა“ როგორ აქციეს ნაცარტუტად ლონდონი – ევროპული დემოკრატიის დედაქალაქი და  პარლამენტარიზმის აკვანი!..  იგივე ემუქრება „ინგლისურენოვან“ საქართველოსა და ყველას, ვინც ბრმად, თავისი ეროვნული თავისებურებების გაუთვალისწინებლად, გადაიღებს უცხო სტანდარტებს (უპრიანი იქნებოდა, სააკაშვილის მთავრობა, უცხოური სპეცსამსახურებისა და ანალიტიკოსების, ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების რეკომენდაციების ნაცვლად, ნაციონალურ საკითხებში უდიდესი ექსპერტის,ზემონახსენები უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს კარგად მცოდნე ი. ბ. სტალინის ნაშრომებს გასცნობოდა).

მეორე: ქართველებთან მიმართებაში სომხების დაკნინებით ანდა მათთვის ავტოქტონურ მოსახლეობაზე მეტი პრივილეგიების მინიჭებით ხელისუფლება ორივე შემთხვევაში სომხურ-ქართულ ნაციონალურ შუღლს აღვივებს. პირველ შემთხვევაში სომხები ყველაფერ ქართულს აითვალწუნებენ – ქართველებსაც და საქართველოს ხელისუფლებასაც; მეორე შემთხვევაში უკვე ქართველები აითვალწუნებენ სომხებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ „ეთნიკურ იმუნიტეტს“. ასე მოხდა დღესაც, როცა სკანდალური ბექგრაუნდის მქონე, სომხური წარმომავლობის  ნორჩმა „ენჯეოშნიკმა“ 73 წლის სტურუას დასჯა მოითხოვა, რომლის გვარიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს ისეთივე ბრენდად იქცა, როგორიც რუსთაველი, მამარდაშვილი, სუხიშვილი-რამიშვილია. ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა მორჩილად შეუსრულა და რობერტ სტურუა იმ თეატრიდან გააგდო, რომელსაც მან ცხოვრების 49 წელი მიუძღვნა, რითაც ავტოქტონური მოსახლეობის კანონიერი აღშფოთება და სომხებისადმი ქართველების უკმაყოფილება გამოიწვია.

თუ ხელისუფლება ნამდვილად დაინტერესდება თავისი ნაციონალური პოლიტიკის შედეგებით და მოსახლეობის ყველა ფენაში მონიტორინგს ჩაატარებს, აუცილებლად დააფიქსირებს ეროვნებათშორის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების რიცხვის ზრდასა და მრავალეროვანი ქართული სახელმწიფოსთვის უაღრესად სახიფათო, „წმინდა“ და  „არაწმინდა“ ქართველებად კლასიფიკაციის ტენდენციის აღორძინებას.  უნიჭო და ამიტომ – აგრესიულმა პროვინციალ-შოვინისტებმა სტურუასთან დაკავშირებული სავალალო ისტორიის შემდეგ ჩინებული საშუალება მიიღეს, საქართველოს ჭეშმარიტ პატრიოტებს „მიწებებოდნენ“ და საბაბიც იგდეს ხელთ, ანგარიში გაესწორებინათ ყველა არაქართველისათვის  მათ გარშემო არაკეთილგანწყობის გარემოს შექმნით, ისედაც მცირერიცხოვანი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დატოვება აიძულონ.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ მათ ახალი ლოზუნგიც გაუჩნდათ – „თქვენ, სომხები, ჩვენი მტრისა და ოკუპანტის – რუსეთის მოკავშირენი ხართ!“ და უნდა ითქვას, რომ ეს „კოზირი“ მათ ჩვენმა არაშორსმჭვრეტელმა ხელისუფლებამ ჩაუგდო ხელთ, რომელიც უბრალო სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების დაცვამდე, ალბათ, არ დაეშვება. საქართველოს ხელისუფლება ხომ მარტოოდენ თავისი პიარისთვის ზოგადად სომხებს („ნაცუმცირესობებს“) და არა კონკრეტულ, უბრალო სომხური წარმომავლობის (არაქართული წარმოშობის) მოქალაქეებს, იცავს!!!  ამიტომაც  სჯის „ქსენოფობიისთვის“ არა უბრალო, არამედ მხოლოდ ცნობილ, კონკრეტულ ქართველებს (პარლამენტარ ბესო ჯუღელს,  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ იულონ გაგოშიძეს, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუას), ამავე დროს, ანგარიშს უსწორებს მის მიმართ გამოთქმული კრიტიკისათვის და თანამდებობებს „ნაციონალებისათვის“ ათავისუფლებს.

მინდა, აქვე შევახსენო ზოგიერთ სომეხს (არაქართველს), რომლებსაც გულის სიღრმეში ანდა აშკარად ახარებთ კულტურის მინისტრ რურუას ეს ბრძანება: სწორედ სტურუას და მასთან სოლიდარულ ქართველი ინტელიგენციის არცთუ მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს არ შეშინებიათ, დაეცვათ „ნაცმენები“ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს, როცა საქართველოში მათ სტუმრებად ნათლავდნენ და აფრიალებდნენ ლოზუნგს: „საქართველო ქართველებისათვის!“. მაშ, ნუ აიძულებთ ამ ღირსეულ ადამიანებს, ინანონ თავიანთი საქციელი!

ხელისუფლების წარმომადგენლებს კი,  თუ თავი მართლაც პოლიტიკოსებად მიაჩნიათ, მინდა, შევახსენო ანდაზა „სიყვარული არ იქნება ძალადა!“ რათა ქართველებსა და სომხებს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და რუსებს კვლავაც გულწრფელად უყვარდეთ ერთმანეთი, საჭიროა გააზრებული ნაციონალური პოლიტიკა და არა პიარ-რეპრესიები, თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.