თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. ბიძინა გიორგობიანი ესპანეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიორგობიანი დღეს სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით თავისი მეგობრის გვერდზე ავრცელებს.
„ღამის 11 საათზე გამომიშვეს, მაგრამ 2 კვირით ესპანეთის ტერიტორია არ უნდა დავტოვო. გერმანელებმა იომეს გმირულად. სერიოზულ შარს გადავრჩი. ბავშვებთან ერთად ვიყავი ერთი კვირით შვებულებაში და იქ დამადგა ინტერპოლი. საშინელი 3 კვირა გადავიტანე და ერთი კაი წიგნიც დავწერე სიბნელეში“, – წერს გიორგობიანი.ესპანეთის პოლიციამ საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი მაშინ დააკავა, როცა იგი ესპანეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა.
ბიძინა გიორგობიანს ქართველი სამართალდამცველები ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ცირკულარით ეძებდნენ, თუმცა მას გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
გიორგობიანს ბრალი ედება სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის დროს უფლებამოსილების გადამეტებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. საქართველომ გიორგობიანზე ძებნა რამდენიმე წლის წინათ გამოაცხადა. ქართულმა სასამართლომ მას სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდა. თავად გიორგობიანი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.
არსებული ინფორმაციით, ქართული მხარე ესპანეთისგან გიორგობიანის გადმოცემას ითხოვდა.