აქტუალური
„Qatar Airways“-ის საქართველოში ფრენები მოგვიანებით დაიწყება

qatarთბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „Qatar Airways“-მა განაცხადა კვირას, აზერბაიჯანსა და საქართველოს მიმართულებით რეისების შესრულებას, თავდაპირველად დაგეგმილი 30 ნოემბრის ნაცვლად, 2012 წლის 1 თებერვლიდან დაიწყებს.

„იმის გამო, რომ ბევრ არსებულ მარშრუტზე მგზავრთა ნაკადის ზრდაა დაგეგმილი, ჩვენ თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობის [პრობლემის] წინაშე დავდექით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ორი მიმართულებით რეისების დაწყება თებერვლისთვის გადავდოთ“, – განაცხადა კატარული ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, იმ მგზავრებს, რომელთაც თბილისისა და ბაქოს რეისებზე ბილეთები წინასწარ შეიძინეს და დაჯავშნეს, დანიშნულების ადგილამდე ალტერნატიულ რეისებს შესთავაზებენ.

საქართველომ და კატარმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომელიც „ღია ცის“ პრინციპს ეფუძნება და ორ ქვეყანას შორის შეუზღუდავი ფრენების განხორციელებას ითვალისწინებს, 2011 წლის თებერვალში მოაწერეს ხელი.