სამართალი
აკაკი ბობოხიძე: „მსჯელობის საგანი ხელისუფალთა ქსენოფობიური განცხადებებიც უნდა გახდეს“

boboxidzeთბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ „მსჯელობის საგანი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებებიც უნდა გახდეს“, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ „ხელისუფალთა გამოსვლებში ქსენოფობიურ პასაჟებს ვერ იხსენებს“.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების ოფიციალურად დასახელებული მიზეზების კომენტირებისას ბობოხიძესთან საუბრის დროს „პირWელი“ დაინტერესდა, რატომ არ დადგა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა აფროამერიკელებს „ზანგები“ უწოდა და ისინი „ველურებად“ მოიხსენია, ან რატომ არ დადგა დეპუტატ გივი თარგამაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მის მიერ ბადრი პატარკაციშვილის „ურიად“ მოხსენიების გამო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბობოხიძემ თარგამაძის განცხადება ვერ გაიხსენა, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში კი მის დამცველად მოგვევლინა.

„ძალიან ცუდი, თუკი ეს განცხადება გივი თარგამაძემ მართლაც გააკეთა. ეს განცხადება პირადად მე არ მახსოვს, მაგრამ თუ თქვა, მაშინ, ჩემი აზრით, პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაუდენია და ამას შეფასებას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება მისცემს. „ზანგები“ კი ბავშვობის პერიოდიდან გამოყოლილი სტერეოტიპია, რომლის მნიშვნელობასაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ. რაც შეეხება იმპიჩმენტის თემას, დაესვათ იმპიჩმენტის საკითხი და გვემსჯელა, იყო თუ არა პრეზიდენტის ეს განცხადება ქსენოფობიური!“ – აცხადებს ბობოხიძე.