საზოგადოება
საქართველომ რუსულ გაზში აზერბაიჯანულზე ძვირი გადაიხადა

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. 2025 წლის პირველ კვარტალში, პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში, საქართველომ რუსულ ბუნებრივ გაზში აზერბაიჯანულზე მეტი თანხა გადაიხადა. „საქსტატის“ მონაცემებით, ამ პერიოდში ბუნებრივი აირის იმპორტმა 183.05 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 100.6 მილიონი დოლარი რუსეთიდან, ხოლო 82.4 მილიონი დოლარი აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ გაზზე დაიხარჯა.

ეს ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ რუსული გაზის წილი გაზის იმპორტში გაიზარდა. 2007 წლამდე რუსეთი საქართველოს მთავარი მომწოდებელი იყო, თუმცა 2006 წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის ამოქმედებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო ძირითადად აზერბაიჯანულ გაზზე გადავიდა.

2009 წელს აზერბაიჯანულმა გაზმა რუსულ იმპორტს გადააჭარბა, თუმცა 2025 წლის პირველ კვარტალში რუსული გაზის წილმა 55% შეადგინა, რაც მიუთითებს რუსული გაზის წილის ზრდაზე იმპორტში.