საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. 28 აპრილს კრწანისის ერთობლივ საჯარისო ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს.
სწავლება წარმოადგენს კომპიუტერული მხარდაჭერით განხორციელებულ ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, რომლის მიზანია მრავალეროვნული ქვედანაყოფის წვრთნა კრიზისული ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ქართული მხარის ხელმძღვანელობით.
სწავლებაში მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა, მათ შორის: საქართველო, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი და ტუნისი.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი პოლკოვნიკი ბერატ ტელლი. მათ ხაზი გაუსვეს სწავლებების მნიშვნელობას და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
სწავლება მოიცავს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განსაზღვრულ ექვს ინიციატივას: ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC), სამხედრო ინჟინერია, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ გაგრძელდება 8 მაისამდე და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაუმჯობესებას.