სამართალი
ბიძინა გიორგობიანი დაკავებულია

giorgobianiთბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. ქართველი სამართალდამცველების მიერ ძებნილი საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი ესპანეთის პოლიციამ დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, გიორგობიანის დაკავების დღეს იმავე ქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქეც დააკავეს.

როგორც ცნობილია, გიორგობიანს ქართველი სამართალდამცველები ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ცირკულარით ეძებდნენ, თუმცა მას გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. გიორგობიანს ბრალად სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის დროს უფლებამოსილების გადამეტება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება. საქართველომ გიორგობიანზე ძებნა რამდენიმე წლის წინათ გამოაცხადა. ქართულმა სასამართლომ მას სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდა. თავად გიორგობიანი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადირება.

აღსანიშნავია, რომ „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი ბიძინა გუჯაბიძე ბიძინა გიორგობიანის საქართველოში ექსტრადირებას სახიფათოდ მიიჩნევს. მისი თქმით, გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა და ეეჭვება, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ მისი საქართველოში ექსტრადირება დაუშვას, რადგან „კარგად იცის, რომ დაკავებულს სამშობლოში ფიზიკური ლიკვიდაცია ელის“.