სამართალი
ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია ივანიშვილის დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), ევროპარლამენტის უმსხვილესმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გათიშვისკენ მოუწოდა. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მისი „დანიშნული პრეზიდენტის“ ლეგიტიმურობა და სანაცვლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღიარონ „ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად“. რეზოლუცია მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი განსაზღვროს.

რეზოლუცია სახელწოდებით „სოლიდარობა ქართველ ხალხს და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა“ მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ „კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის“ და მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ და გაყინონ მისი აქტივები ევროკავშირში. ის მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, „გათიშოს ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან“ და დარგობრივი სანქციები დაუწესონ იმ ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით სპილენძის მადნებისა და ფერადი ლითონების სფეროში.

ევროპის სახალხო პარტიის მოწოდება კოორდინირებული მოქმედებისკენ მხოლოდ ივანიშვილს არ ეხება. ის ასევე მოითხოვს სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე და ასევე ეხება „მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ“.

ამასთან, პარტია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა გაატაროს საქართველოსთან მიმართებით და „რეჟიმის ფინანსური არხები“ გადაკეტოს, მათ შორის დაავალოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და ინსტიტუტებს შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე და სანქციები დაუწესონ „რეჟიმის მმართველ, ფინანსურ და პროპაგანდისტულ ელიტებს“.

ევროპის სახალხო პარტია სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც „ისტორიული შესაძლებლობა“ და ადანაშაულებს პარტიას საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორებაში, მიუხედავად ევროკავშირში ინტეგრაციისადმი საზოგადოების ფართო მხარდაჭერისა.

ის მიესალმება ევროკავშირის საბჭოს 27 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველი დიპლომატებისთვის ვიზების გამარტივების შეთანხმების ნაწილი შეჩერდა და ხაზგაზმით აღნიშნავს რომ „ქართული ოცნება სრულად არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე“, თუ შესაბამისი კრიტერიუმები და სტანდარტები არ დაკმაყოფილდება.

ევროპის სახალხო პარტია აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ვითარება მკვეთრად გაუარესდა და „სრულმასშტაბიან კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კრიზისში“ გადაიზარდა. ამის მიზეზად მან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება დაასახელა.

რეზოლუციაში საუბარია დემონსტრანტების გადაჭარბებულ დაჯარიმებაზე, აქტივების  გაყინვასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გამო საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე. „დაიწყო ფინანსური ტერორის ახალი ტალღა“, – ნათქვამია რეზოლუციაში და აღნიშნულია, რომ დემონსტრანტებისა და აქტივისტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 18 მილიონ ლარს აღემატება.

ევროპის სახალხო პარტია ასევე გმობს, როგორც ის აცხადებს, საქართველოს სამართლებრივი სისტემის ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენებას, და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიის სამიზნედ ასახელებს. „ქართული ოცნების“ პარლამენტი აღწერილია, როგორც „არალეგიტიმური ერთპარტიული პარლამენტი“, რეზოლუცია აღიარებს, რომ ხელისუფლებას 52 პირი, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, პოლიტიკურ პატიმრობაში ჰყავს.

რეზოლუცია ასევე დასძენს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „მიხეილ ჯინჯოლიამ, საერთაშორისო დონეზე სანქცირებული სასამართლო კლანის წევრმა“ და რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სასჯელების მოძველებული ზომა იქნა გამოყენებული.

რეზოლუცია მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „დაადგინოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის“ და ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, ხელახლა შეაფასოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება დემოკრატიული პრინციპების შესაძლო დარღვევების გათვალისწინებით.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს „არ აღიარონ ‘ქართული ოცნების’ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა“ და ამის ნაცვლად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად“ ცნონ.

რეზოლუცია მიღებულ იქნა პარტიის ყრილობის შემდეგ, რომელიც 29-30 აპრილს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ კონგრესზე შეიკრიბნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომლებსაც ის „საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად“ შეხვდა.