აქტუალური
თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ დროა, „ბორჯომის“ თემაზე საუბარი პოლიტიკურიდან ტექნიკურ რაკურსში გადავიდეს და ქართული წყლის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად უშუალოდ მინერალური წყლის მწარმოებლებს იწვევს მოსალაპარაკებლად.
ამის შესახებ ონიშჩენკომ რუსულ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში გადაცემაში – „სვოიმი გლაზამი“, მსმენელის მიერ ინტერნეტით გაგზავნილ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე – ნებას დართავს თუ არა რუსეთის საბაჟო „ბორჯომის“ შეტანას რუსეთში და ვინ მოგმართათ რუსეთის ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნების თხოვნით? – ონიშჩენკომ განაცხადა: „ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნარჩენმა, რომელიც ამ დროისთვის საქართველოსგანაა დარჩენილი, უეცრად დაიწყო წამოყვირება ხელისუფლების დონეზე, რომ ეს რა არის? რომ ქართველი მწარმოებლები არ წავლენ ამაზე?.. – ეს რა ხელისუფლებაა, რომელიც არ უშვებს თავის მწარმოებლებს, შევიდნენ რუსეთის ბაზარზე და ივაჭრონ?“ – კითხულობს ონიშჩენკო. მისივე თქმით, დღეს გაეცნო ტელეგრამას იმ დეპუტატისგან, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინათ შეხვდა (მისი გვარი ვერ გაიხსენა), რომელიც, ონიშჩენკოს თქმით, ამ კვირას რუსეთში კიდევ ერთხელ ჩავა და მასთან შეხვედრას ითხოვს. „დეპუტატებთან შეხვედრა კარგია, მაგრამ ეს ნაკლებად პროდუქტიულია, რადგან მირჩევნია, თავად მწარმოებლებს შევხვდე. ოფიციალური რუსეთის პოზიცია ასეთია: შევხვდებით ყველას, ვისაც სურს რუსეთის ბაზარზე შემოსვლა, მაგრამ საკმარისია პოლიტიკური რაკურსით ამ თემაზე საუბარი, გადავიდეთ ტექნიკური კუთხით საუბარზე და რეალურად ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ონიშჩენკომ.