პოლიტიკა
რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას მხარდასაჭერად ერთიანდება

dasiთბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. რეჟისორ რობერტ სტურუას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„რაღა არ განუცდია რუსთაველის თეატრის დასს თავისი არსებობის მანძილზე, ასეთი ერთსულოვანი კი იშვიათად ყოფილა. დღეს ყველა გაოგნებულია. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ რაც უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობდეთ, არ უნდა დავკარგოთ ადამიანური სახე. ჩვენი ნებისმიერი საქციელი ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული უნდა იყოს. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტო – რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – მოხსნეს. რას ნიშნავს ეს?
სტურუას სპექტაკლები – გაჯერებული სინათლით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, სულიერებით, ნიჭიერებით, ხვალის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის სიყვარულით, აღარ გვჭირდება? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე?

არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!“ – ნათქვამია დასის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გ. საღარაძე, კ. კავსაძე, ჯ. ღაღანიძე, თ. დოლიძე, ჟ. ლოლაშვილი, ზ. კვერენჩხილაძე, მ. კახიანი, ზ. ლებანიძე, დ. უფლისაშვილი, ლ. ხურცია, თ. ჭიჭინაძე, ზ. პაპუაშვილი, ლ. ფოფხაძე, ნ. კანტიძე, გ. ბარბაქაძე, ბ. ჩაჩიბაია, გ. გიორგაძე, მ. ჯანაშია, კ. ფურცელაძე, მ. შველიძე, ს. აბრამიშვილი, დ. პაპუაშვილი, ლ. ბერიკაშვილი, ე. მოლოდინაშვილი, პ. გულიაშვილი, ი. სუხიტაშვილი, ზ. შარია, მ. გამცემლიძე, ლ. ოგანეზოვი, მ. აბრამიშვილი, ი. სანაია, ტ. სარალიძე, ნ. მაყაშვილი, რ. მაყაშვილი, ნ. კასრაძე, ნ. არსენიშვილი, დ. დარჩია, ნ. ხუსკივაძე, გ. გველესიანი, ე. მინაშვილი, დ. კვირცხალია, ლ. ალიბეგაშვილი, მ. ჯინორია, ლ. ახალაია, ნ. ქაცარიძე, რ. ჩხაიძე, გ. მესხიშვილი.

რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებას რუსთაველის თეატრის დასი დღეს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის წინ გააპროტესტებს.