საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. რეალურად, მხოლოდ იმ ჩანაწერებიდან, რაც ჩვენ ვნახეთ, ახალი არაფერია, შეიძლება, უბრალოდ რაღაცებით დაინტერესდნენ და ამას უფრო მეტად არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შეფასებები უნდა მიეცეს, – ასე უპასუხა მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად რეალისტურია ან რამდენად არის შესაძლებელი, რომ ნანუაშვილისა და ზურაბიშვილის აღიარება მართლაც გახდეს სამართლებრივი პროცესის დაწყების საფუძველი, რადგან მმართველი გუნდი ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ სახალხო დამცველს ქვეყნის ღალატში სდებს ბრალს და გამოძიებას ითხოვს.
„ის, რომ გარედან შემოსული ფულით არსებობენ და გარედან შემოსული ფულით სულდგმულობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს ახალი არ არის; ის, რომ პროექტებიც კი წარადგინეს, ვის უფრო მეტად სჭირდება ფული და რომ ეს პროტესტს სჭირდება, ამაშიც ახალი არაფერია. მე უფრო მივაქციე ყურადღება სალომე ზურაბიშვილის რეაქციას, როდესაც იქ იყო ნახსენები ტრამპი და ის თავს უქნევდა, ანუ დაეთანხმა, რომ ტრამპის პოლიტიკით ძალიან უკმაყოფილოა. სიტყვა არ ამოუღია, ამხელა გამოცდილება კი აქვს, რომ ეს არ ეთქვა, მაგრამ როდესაც ის, ვითომ კასპაროვი ეუბნება, ტრამპმა ყველა შოკში ჩაგვაგდოო, ზურაბიშვილი თავს უქნევს დანანებით“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, სამართლებრივი წარმოების საფუძველი გახდეს ის, რომ უჩა ნანუაშვილი ჩანაწერში საუბრობს შეიარაღებულ ფორმირებებზე, რაზეც თავად ნანუაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს დამახინჯებული მონტაჟი და ა.შ. იყო, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება, ის გასაუბრებაზე დაიბარონ.
„თუ დადასტურდა, რომ ის ოპოზიციის არაფორმალურ ნიღბიანებს და შეიარაღებულებს გულისხმობდა, რა თქმა უნდა. იქ ახსენა, კერძო დაცვის სამსახურები არიან ჩართულიო. ახლა ეს ორმხრივად შეიძლება, კერძო დაცვის სამსახურები, შეიძლება, ხელისუფლებამაც ჩართოს და შეიძლება, ოპოზიციამაც ჩართოს. შეიძლება, ეს იყოს გამოძიების საგანი, აბა, რომელ კერძო დაცვის სამსახურს ახსენებდი და ვის გულისხმობდი, ვინ იცი შენო? შეიძლება, ამაზე დაიბარონ გასაუბრებაზე. მაშინვე გამოძიება არ იწყება, როგორც წესი“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
გელა ნიკოლეიშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომ ახალი არჩევნები მათ უნდა ჩაატარონ.
„ახალი არჩევნები ჩვენ უნდა ჩავატაროთო, ამას ამბობს პაატა ბურჭულაძე. მე ჩემი ასაკიდან და ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მომსწრე ვარ იმ ამბების, როდესაც ეროვნული მოძრაობა გაიხლიჩა და ე.წ. კონგრესის არჩევნები ჩატარდა. აი, ასე იყო მაშინ ზუსტად, მაქსიმალური სიძულვილი, ერის მტერის, „კაგებეს“ აგენტის ძახილი ერთმანეთის მიმართ და დემონიზაცია, რომელმაც მერე მართლაც მიგვიყვანა იმ დაპირისპირებამდე, რასაც ჰქვია სამოქალაქო ომი. რეალურად, აქეთკენ მიჰყავთ. მართალია, ახლა იმდენი ძალა, იმდენი მხარდაჭერა არ აქვთ, მაგრამ მიზანი არის ეს, რომ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. უბრალოდ, მათ რეალურად არ გააჩნიათ ამის ძალა. იქ სადღაც-სადღაც გაიჟღერა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები მოგვეხმარებიანო, იყო ჩანაწერები, მაგრამ მათ დაპირისპირების ძალა არ აქვთ. იგონებენ ამ რაღაც სისულელეებს, რომ თურმე ტელეფონით უნდა ჩაატარონ არჩევნები და გამოაცხადონ. პრეზიდენტი კი ჰყავთ და მან უნდა დანიშნოს ეს არჩევნები“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იმაზე მეტი მომხრეს ხმა, ვიდრე მოწინააღმდეგის, რისი აღიარებაც ოპოზიციას არ სურს.
„ამ არჩევნებით და მის შემდეგ განვითარებული მოვლენებითაც დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გაცილებით მეტი მომხრე, ვიდრე მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგე რომ ჰყავს 800 000 კი არა და, შეიძლება, ერთ მილიონამდეც ავიდეს, ეს არც არავის უკვირს და ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ ამ 800 000-დან 80 კაცი, გინდაც 8 000 კაცი ძალიან აქტიურია და ძალიან არ უნდათ „ქართული ოცნება“, ამის გამო არ იცვლება ხელისუფლება. არ არის ასე, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ხალხის აჟიტირება ამ რუსოფობიით, შევარდნენ პარლამენტში, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. ამათ ჰგონიათ, პარლამენტში შევარდნა და ხალხის მაქსიმალური „აგდება“, ჟარგონზე რომ ვთქვათ, არის ხელისუფლებაში მოსვლის გზა. ქართველი ხალხი უკვე გაიზარდა, დროა, ოპოზიციის წარმომადგენლებიც გაიზარდონ და იცოდნენ, რომ არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა და ეს არის არჩევნები. არჩევნებზე 45%-ს რომ მიიღებ, გინდაც 40%-ს, და იძახი, არა, მე თუ არ მოვიგე, ეს არჩევნები არ ითვლებაო, ეს არის ინფანტილიზმი, ბავშვობა და ამას სერიოზულად არც შეიძლება, ვუყუროთ“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.