თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული კორესპონდენციის თანახმად, ბატონი პრეზიდენტის პირადმა პოლიტიკურმა სასამართლომ, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ეწოდება, კიდევ ერთი სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა – ბატონ ბადრი ბიწაძეს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რომელსაც ბუნებაში ადგილი არ ჰქონია.
„თუ წინააღმდეგობის გაწევაზეა საუბარი, რუსთაველზე გაშმაგებული გაურკვეველი ფორმირებებისაგან თავს იცავდა 20 ათასი გულანთებული მამულიშვილი და არა ერთი ბადრი ბიწაძე, რომელიც, სხვათაშორის, იმ წუთებში იქ საერთოდ არ გახლდათ. იქნებ სათანადო ორგანოებმა მოიძიონ 20 ათასივე პიროვნება და წარუდგინონ სასამართლოს სამშობლოს სიყვარულის ბრალდებით.აბსოლუტურ ცილისწამებას წარმოადგენს „შეფიცულების“ მიმართ გასამხედროებული დაჯგუფების იარლიყის დადება. აღნიშნულ ორგანიზაციას ამ ხელისუფლებისგანაც კი აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება, ვინაიდან მისი დებულება, ყველა წესის დაცვით, ოფიციალურად რეგისტრირებულია სასამართლოში; დებულების დარღვევის ფაქტებს კი „შეფიცულთა“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
„შეფიცულთა“ ხსენება ნიშანია იმისა, თუ როგორ პანიკურად ეშინია ხელისუფლებას მკლავმაგარი პატრიოტების გაერთიანებისა.
ბატონ ბადრი ბიწაძის ინიციატივებსა და მის მიერ აქციების ხელმძღვანელობაზე საუბარი შეურაცხმყოფელი ტყუილია იმ პოლიტიკური ლიდერებისათვის, რომელთა ერთობლივი ნააზრევითა და ძალისხმევით დაიგეგმა აქცია, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა მანამდე არნახული გაშმაგება და ველურობამდე მისული ფიზიკური ანგარიშსწორება. ხელისუფლებას მრავალი ბნელი მოსაზრების გამო ძალიან უნდა სახალხო კრების საბჭოს გარეთ გაიტანოს გარკვეული პროცესები, მაგრამ ვერ მოხერხდება, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა და როგორ მივაღწიოთ საწადელს.
მაღლა ღმერთმა და დაბლა ხალხმა ხომ იცის, რომ განაჩენი, რომელზეც ვსაუბრობთ, არის პოლიტიკური პროკურატურის, პოლიტიკური პოლიციისა და პოლიტიკური სასამართლოს ერთობლივი პასკვილი.
ერთ რამეში კი ნამდვილად არ ვართ მართლები. არ ვართ მართლები, რომ გვიკვირს უსამართლობა იმ სასამართლოსი, რომელსაც ხელმძღვანელობს საბურთალოელთა თავშეყრისა და დასვენების უსაყვარლესი ადგილის, ეგრეთ წოდებული ბუკიას ბაღის მიმთვისებელი და იქ სრასასახლის ამგები“, – ნათქვამია გზავნილში, რომელსაც ხელს აწერს ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) დამფუძნებელთა საბჭო.