აქტუალური
თბილისი, 19 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქპატენტის ხელმძღვანელობა განმარტავს, რამდენიმე წლის წინათ აშშ-ში „ხვანჭკარა“ დაარეგისტრირა ბიზნესმენმა ევგენი დოზორცევმა, რის გამოც ქართულ მხარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში „ხვანჭკარისა“ და „ქინძმარაულის“ შეტანის უფლება არ ჰქონდა.
საქპატენტის ხელმძღვანელ ირაკლი ღვალაძის განცხადებით, „გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ევგენი დოზორცევი უარს ამბობს „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულის“ ბრენდებზე. „როდესაც სახელმწიფომ გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაცია დაიწყო, წავაწყდით, რომ ეს ბრენდები დოზორცევის სახელზე იყო დარეგისტრირებული. მიდიოდა ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლებშიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა უწყებები. დავა მიმდინარეობდა ამერიკის საპატენტო უწყებაში. ჩვენ გვქონდა საკმაოდ სერიოზული არგუმენტები და, შესაბამისად, დოზორცევი იძულებული გახდა, დათანხმებულიყო ჩვენს პირობებს – უსასყიდლოდ დაგვითმო ბრენდი „ხვანჭკარა“ და უარი თქვა „ქინძმარაულის“ ხელახალი დარეგისტრირების შესახებ განაცხადზე“, – აღნიშნა ღვალაძემ.