თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმისთვის „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან ატყობინებენ, ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი ჯანდაცვის სამინისტრომ, დაიწყო ექიმების მასობრივი დათხოვნა და შემცირებების ახალი ეტაპი. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ხელშეკრულებები შეუწყდათ თბილისის დამწვრობის ცენტრისა და მე-8 საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ასეულობით წარმომადგენელს.
მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განცხადებისა, რომ საქართველოს არ ჰყავს არცერთი ზედმეტი ექიმი, აღნიშნულ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის თანამშრომლებისათვის სხვა ალტერნატიული სამსახური არ შეუთავაზებიათ.სამწუხაროდ ეს, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება დიდი ტრადიციების მქონე სამედიცინო დაწესებულებების ლიკვიდაცია, რაც რეალურად პრობლემას წარმოადგენს არამარტო სამედიცინო პერსონალისათვის, არამედ, პირველ რიგში, პაციენტებისა და, შესაბამისად, მთელი საზოგადოებისათვის. ცხადია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის ნგრევა“, – აღნიშნულია კორესპონდენციაში.
მე-8 საავადმყოფოს შრომით კოლექტივთან „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების – კახა კუკავასა და ალეკო შალამბერიძის შეხვედრაზე პერსონალმა პარტიის ლიდერები საქმის კურსში ჩააყენეს, თუ როგორ გაუფორმეს მათ თავის დროზე იძულების წესით 6-თვიანი ხელშეკრულებები.
„პარტია„თავისუფალი საქართველო“ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაატარებს კონსულტაციებს კომპეტენტურ იურისტებთან, რათა გასაჩივრებულ იქნეს ხელისუფლების გადაწყვეტილება მე-8 საავადმყოფოსა და დამწვრობის ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია კორესპონდენციაში, რომელსაც ხელს აწერს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.