პოლიტიკა
აფხაზი დეპუტატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდნენ

ankvab-ochamchiraთბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. ყოფილი და ამჟამინდელი აფხაზი დეპუტატების ჯგუფი 18 აგვისტოს დახურულ კარს მიღმა აფხაზეთში 26 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შეხვდა, რათა ორ კანდიდატს შორის ბოლო დროს წარმოშობილ დაპირისპირებაზე ემსჯელათ.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა თავმჯდომარეობდა. აშუბა ამჟამად რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, რადგანაც ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს საარჩევნო კამპანიის დროს შვებულების აღება მოუხდა.

„ჩვენ წინაშე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. ჩვენს საზოგადოებას არ სურს 2004 წლის მოვლენების განმეორება და სიტუაციის გამწვავების ეშინია. ამიტომ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ აშუბას სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება პრესისთვის შეხვედრის დახურვამდე გააკეთა.

აშუბამ, ასევე, აღნიშნა, რომ კანდიდატები იმიტომ არ დაიბარეს, რომ „ასწავლონ“, როგორ მოიქცნენ, არამედ იმისათვის, რომ ღიად ისაუბრონ მომავალ არჩევნებზე.

შეგახსენებთ, ორ კანდიდატს – პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბს – შორის დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შამბას მხარდამჭერებმა სოხუმში ღია ცის ქვეშ თენგიზ კიტოვანთან ინტერვიუს ჩვენება მოაწყვეს, სადაც კიტოვანი ამბობს, რომ ომის დროს ანქვაბი თბილისთან თანამშრომლობდა და ქართულ დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა.

დახურული შეხვედრის შემდეგ აშუბამ განაცხადა, რომ მონაწილეებმა „გულწრფელად“ განიხილეს ყველა ის საკითხი, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. მან უარყო ის მოსაზრება, რომ ორ კანდიდატს შორის ბოლოდროინდელმა დაპირისპირებამ რეგიონში დაძაბულობა გამოიწვია. იგი შეეცადა, რომ ღია ცის ქვეშ ვიდეოჩვენების ორგანიზებაში შამბას ინდივიდუალური მხარდამჭერები დაედანაშაულებინა და არა თავად კანდიდატი.

„იყო რაღაც განცხადებები, მომენტები, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატების ორგანიზებული იყო – ისინი ბრძენი ადამიანები არიან“, – განაცხადა აშუბამ.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია, ერთმანეთს მოთმინებით და პატივისცემით მოვეპყრათ; იმაზე, რომ სახელმწიფო მეთაურის არჩევნებმა რყევების გარეშე უნდა ჩაიაროს... ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენს ხალხს ეჭვი არ უნდა შეეპაროს არჩევნების შედეგებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე დღეს სახელმწიფოში უმაღლეს პოსტზე პრეტენდენტებმა მშვიდად შეძლონ ერთმანეთთან შეხვედრა და ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა, – განაცხადა აშუბამ და დასძინა, – არანაირი რევოლუციები არ იქნება, არცერთი კანდიდატი ამის გაკეთებას არ აპირებს“.

მისი განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხებიც. როგორც აშუბამ აღნიშნა, არავინ, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ არის დაინტერესებული არჩევნების გაყალბებაში.