საქართველოს ეროვნული იდენტობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და პოლიტიკური სუვერენიტეტის საკითხები მხოლოდ ხმაურიანი ლოზუნგებით კი არა, სიღრმისეული გააზრებითა და სტრატეგიული ხედვით უნდა გადაწყდეს.
ეპოქაში, როდესაც გლობალური გეოპოლიტიკა ახალ რეალობაში გადადის და სახელმწიფოების ბედი ზესახელმწიფოთა ინტერესების გორგალით არის გადაბმული, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გონივრული მიდგომა, ფხიზელი ანალიზი და გულწრფელი საუბარი.
სწორედ ამგვარი ხედვა აქვს არნო ხიდირბეგიშვილს — ადამიანს, რომელსაც არაერთგზის დაუმტკიცებია, რომ ჟურნალისტობა და ანალიტიკოსობა დღევანდელ საქართველოში მხოლოდ პროფესია კი არა, არამედ სამოქალაქო პოზიციაა. საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ გენერალურ დირექტორსა და მთავარ რედაქტორთან, აგრეთვე — უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელთან საუბარში, შევეცადეთ შეგვეხედა დღევანდელი რეალობისთვის პოლიტიკური შელამაზების გარეშე — რეალიზმის, ისტორიული მეხსიერებისა და სტრატეგიული მოთმინების კონტექსტში.
არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუ გაზეთთან „Бакинский рабочий“
– ბატონო არნო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მოთმინება“ დაასახელა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ხელახლა გაერთიანების მთავარ პირობად. მიგაჩნიათ თუ არა ეს მიდგომა რეალისტურად იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტის ხანის შემდგომი თაობა უკვე ერთიანი ქართული სივრცის მიღმა აზროვნებს? ხომ არ ფიქრობთ, რომ „მოთმინება“ პარალელური ქმედებების გარეშე შეიძლება ისტორიული შანსის დაკარგვად შემოგვიბრუნდეს?
არნო ხიდირბეგიშვილი: „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რეალურია, თუ გამოვიჩენთ მოთმინებას და ამ მოთმინებით ვიხელმძღვანელებთ ჩვენს პოლიტიკაში. ამ საკითხის გადაწყვეტა, რასაკვირველია, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მოთმინებისა და სწორი პოლიტიკის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია“, — განაცხადა კობახიძემ ქართულ პროსამთავრობო ტელეარხ „იმედთან“ ინტერვიუში. ციტატა ჩვენი პრემიერის სიტყვებიდან შემთხვევით როდი მოვიყვანე, რადგან ესაა პოლიტიკოსის დიპლომატიური პასუხი, რომელსაც სიტყვაზე ვერავინ გამოეკიდება. ვინ იტყვის იმას, რომ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ასეთ სენსიტიურ საკითხში არ არის საჭირო „მოთმინება“ და „სწორი პოლიტიკა“? მით უმეტეს, როცა იქ ცხოვრობენ ჩვენი მოძმე ხალხები — აფხაზები და ოსები? ეს ხომ ტექნიკური კი არა, ადამიანური საკითხია — მათთან ერთად მოგვიწევს ქართველებს ცხოვრება მომავალშიც, მეგობრობასა და სიყვარულში, როგორც უწინ, შერეული ოჯახების შექმნაც. ამიტომ, იმ ზოგად ფორმულირების მეტად დაკონკრეტება, რაც ახლახან მოვიყვანე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, უბრალოდ არ შეეძლო — ეს საქმეს დაზიანებდა.
აი, ნახეთ, გასულ კვირას, როცა ბრიფინგზე ჩვენმა პრემიერმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ახლად, საგანგებოდ შექმნილი სამინისტროს მინისტრად გადაიყვანდა, ხოლო მეორე დღეს ეს გადაწყვეტილება გააუქმა, კობახიძემ განმარტა, რომ ეს იყო „პოზიციებისა და ხედვების შეუსაბამობა სამინისტროს მუშაობის პრინციპებთან, მათ შორის — საკადრო პოლიტიკის საკითხებთან“. ხედავთ? ისევ ზოგადი ფორმულირება, რომლის საწინააღმდეგოდაც ვერაფერს იტყვი. პრემიერს აქაც არ შეეძლო მეტად დაკონკრეტება ისევ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების გამო! „პოზიციების შეუსაბამობა“ — ამ კორექტული სიტყვების განმარტება შესაძლებელია მრავალგვარად, ის ათასგვარ შესაძლო მიზეზს ფარავს, თუმცა ვერავინ შეედავება, რომ, საბოლოო ჯამში, მათ ერთი სიტყვით ვუწოდოთ — „პოზიციების შეუსაბამობა“. ისევე როგორც პირველ შემთხვევაში — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანების საკითხზე პასუხის გაცემისას — პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება ღიად ისაუბროს მთავრობის ზრახვებსა და გეგმებზე.
მაგრამ მე პრემიერი არ ვარ, ამიტომ შემიძლია თქვენი შეკითხვის პასუხად უფრო კონკრეტულად გამოვხატო ჩემი მოსაზრება. დიახ, კვლავ ვიმეორებ: „მოთმინება“, იმ შემთხვევაში, თუ იგი წარიმართება „სწორი პოლიტიკის“ ფარგლებში, როგორც ეს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩემთვის რეალისტურ გზას წარმოადგენს. ვინაიდან „თაობა, რომელიც კონფლიქტის ხანის შემდეგ გაიზარდა“ და, როგორც თქვენ ბრძანეთ, „ერთიანი ქართული სივრცის მიღმა აზროვნებს“, სხვა გზას აირჩევს. მათ სისხლში არ აქვთ ხელი გასვრილი და არაჩვეულებრივი აფხაზი ახალგაზრდები — რომელთა დაყოფა მეგრელებად და აფხაზებად ხშირად ძალიან რთულია — და მშვენიერი ოსი ახალგაზრდები, არ ეცდებიან მტყუან-მართლის გარჩევას იმ ომში. და, რა თქმა უნდა, შურისძიებას კი არ დაიწყებენ, არამედ ქართველ თანატოლებთან „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეუდგებიან. ის, რომ მათ ასეთი სურვილი ნამდვილად გააჩნიათ, პირადად მათგან ვიცი. მათ სურთ თავისუფლად გადაადგილება თბილისში და მათი მშობლიური ქვეყნის, მათი სამშობლოს - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, და არა მხოლოდ სამკურნალოდ ჩამოსვლა. ესეც თავად მათგან მომისმენია. აქ კი უკვე საქართველოს მთავრობამ უნდა შეუქმნას პირობები — იმგვარად, როგორც აღვწერე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს გამოქვეყნებულ სტატიაში: „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და USAID-ის მავნებლური საქმიანობა აფხაზეთში“.
და აქაც ვიმეორებ საგანგებოდ ირაკლი კობახიძისთვის, რომელმაც უნდა იცოდეს:
- რომ ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთში გაცემულ არცერთ დიპლომს, ასევე სამეცნიერო ხარისხსა და წოდებას, მეცნიერებათა დოქტორისა თუ პროფესორის. მხოლოდ სკოლის ატესტატის გაგზავნა შეიძლება დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, სადაც კომისია, დიდი გაჭიანურებით აღიარებს საშუალო განათლების დამადასტურებელ დიპლომს. უმაღლესი განათლების დიპლომები კი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის ცენტრში, საიდანაც რამდენიმე თვის შემდეგ ჩვეულებრივ მოდის სტანდარტული პასუხი - პროგრამების შეუსაბამობის გამო აფხაზეთის უნივერსიტეტის დიპლომი არ არის აღიარებული;
- რომ ყველა ჩვენი განცხადება - „აფხაზური საბუთების მქონე აფხაზეთის მცხოვრებლები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი“ (ეს ნიშნავს, რომ აფხაზური დოკუმენტების საფუძველზე შეუფერხებლად უნდა გაიცეს ქართული, ხომ ასეა?) - არ შეესაბამება რეალობას. სინამდვილეში, 1 – მოითხოვენ საბუთების უზარმაზარი ჩამონათვალის შეგროვებასა და საქართველოდან მოწმეების წარდგენას; 2 - ატარებენ კომისიას, სადაც განგებ სვამენ რთულ და არაკორექტულ კითხვებს, რათა უარი სტკიცონ საქართველოს პასპორტის გაცემაზე, ხოლო ბევრს დამამცირებლად უარს უცხადებენ საქართველოს მოქალაქეობაზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე;
- რომ ჩვენთან განგებ აყენებენ პირობას - „საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ აფხაზეთის მკვიდრს არ უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა“, ეს კი მოცემულ ვითარებაში არარეალურია, რადგან აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეს, მინიმუმ, უნდა ჰქონდეს რუსული პასპორტი, თორემ ვერ ისწავლის, ვერ მიიღებს სუბსიდიებს, დოტაციებს, კომპენსაციებს, გარდა ამისა, რუსული პასპორტი სამგზავრო დოკუმენტია, მის გარეშე აფხაზეთიდან ვერსად გაემგზავრები! აფხაზი ახალგაზრდები რუსეთში სწავლობენ, შვილებს რუსეთში აჩენენ, რუსეთში მუშაობენ, რუსეთში ისვენებენ, რუსეთში აფუძნებენ ბიზნესს, გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებას, ტურისტულ პროგრამებს - ყველაფერი რუსულია, მაშ რუსეთის მოქალაქეობის გარეშე რა უნდა იღონონ?! მაშასადამე, აფხაზეთის მოქალაქეებმა უნდა უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე, რათა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, რაზეც შეიძლება უარი უთხრან და დაკარგონ ერთადერთი ლეგიტიმაცია?! ორმაგი სტანდარტი - რუსეთში მცხოვრებ და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებს არ სჭირდებათ რუსეთის მოქალაქეობის დათმობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად/აღსადგენად, მაგრამ ეს არ ეხება აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებზეც დე ფაქტო ორმაგი მოქალაქეობა არ ვრცელდება - ან რუსეთის, ან საქართველოსი, წერტილი!
ზემოჩამოთვლილი ყველაზე დიდი უსამართლობა როდია, რაც საქართველოში მოქმედებს აფხაზეთის მკვიდრთა მიმართ, მაგალითად, თუ სოხუმელი, რომლის წინაპრებიც დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და დაკრძალული არიან აფხაზეთში, მაგრამ თავად სოჭში დაიბადა, რადგან მისმა მშობლებმა სოჭის სამშობიარო არჩიეს, თბილისის კომისია უარს იტყვის მოქალაქეობაზე ასეთ აფხაზს, რადგან ის ფაქტობრივად აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაბადებულა და, შესაბამისად, „არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოსთან“!
ხოლო თუ ადამიანს აქვს როგორც რუსული, ასევე აფხაზური პასპორტი, მაგრამ წარმოშობით აფხაზეთიდანაა, მას გამოცდებს აბარებინებენ - ქართულ ენაზე გასაუბრება, საქართველოს ისტორია და ქართული სამართალმცოდნეობა, რომლებშიც, როგორც წესი, „ჩაჭრიან“, შესაბამისად, უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობაზე. ყველაზე ოპტიმისტური სტატისტიკის მიხედვითაც კი, ათი განაცხადიდან აფხაზეთის შვიდ მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარს უცხადებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების ყველა ეტაპი ფასიანია, თითოეულ ინსტანციაში 30-დან 500 ლარამდეა გადასახადი.
და მაშინაც კი, როცა სასწაული ხდება და აფხაზური პასპორტის საფუძველზე ქართულს გასცემენ, ქართული მართვის მოწმობა ე.წ. „პრავა“ - აფხაზური მართვის მოწმობის საფუძველზე არ გაიცემა. ანუ აფხაზური მართვის მოწმობით საქართველოში მგზავრობა არ შეიძლება, ქართული მოწმობა კი არ გაიცემა!
ყველა პრობლემის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: არ არსებობს ადაპტირებული პროგრამები აფხაზეთიდან ჩამოსულთათვის სასწავლებლად, სამუშაოდ, სტაჟირებისთვის ან კონფერენციაზე დასასწრებად. აფხაზეთიდან ჩამოსულებმა არ იციან ქართული ენა (უკრაინიდან ჩამოსულებისგან განსხვავებით, ვისთვისაც საბავშვო ბაღები, სასკოლო კლასები და საუნივერსიტეტო ჯგუფები უკრაინულ ენაზე დაუყოვნებლივ გაიხსნა!), მათ აფხაზურ დიპლომებს არ ცნობენ, არ იღებენ სამსახურში, მოქალაქეობას არ ანიჭებენ, ხოლო საქართველოში ცხოვრება შემოსავლის წყაროს გარეშე შეუძლებელია, საცხოვრებელი, კვების პროდუქტები - ყველაფერი ძალიან ძვირია, ხოლო აფხაზეთიდან ჩამოსულებისთვის არანაირი შეღავათები, სტიპენდიები და დოტაციები არ არის გათვალისწინებული (უკრაინიდან ჩამოსულებისგან განსხვავებით, რომლებსაც ოჯახზე - 300 და კაცზე - 45 ლარს უხდიან).
აფხაზეთის მკვიდრთათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადაპტაციის საშუალება არ არსებობს, ამიტომ ისინი უკან, აფხაზეთში ბრუნდებიან, თანაც, ძალიან ნანობენ თავის საქციელს. საქმე ისაა, რომ სოხუმის ხელისუფლებამ კატეგორიულად აუკრძალა აფხაზეთის მოქალაქეებს საქართველოში სწავლა, მუშაობა და მკურნალობა (გარდა გალის მცხოვრებლებისა, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეები არ არიან, უბრალოდ ბინადრობის ნებართვა აქვთ). მართალია, ნაცნობობითა და დიდი გაჭირვებით შეიძლება სპეციალური ნებართვის მიღება, თუმცა ამ შემთხვევაში მაშინვე აფხაზური სპეცსამსახურების სამიზნე ხდები.
ვფიქრობ, საკმარისია. განა ასე არაა? რასაკვირველია, „მოთმინება“ „სწორი პოლიტიკის“ გარეშე შეიძლება შემოგვიბრუნდეს იმ „ისტორიული შანსის დაკარგვად“, რომელიც თქვენ ახსენეთ — ალბათ ამიტომაც მოიხსენია ისინი ერთად კობახიძემ. ამიტომაც, „პარალელური მოქმედებების“ გარდა, როგორც თქვენ ბრძანეთ ჩემთვის კითხვის დასმისას, აუცილებელია სამთავრობო დონეზე ქმედებები, რომლებზეც მოვიხსენიე და რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ხორციელდება.
– ბატონო არნო, თუ ვივარაუდებთ, რომ „მშვიდობიანი ლოდინის“ სტრატეგია მართებულია, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს საქართველოს კონკრეტული საგზაო რუქა ამ პროცესში? ხედავთ თუ არა ფარულ დიპლომატიურ მექანიზმებს, ეკონომიკურ თუ კულტურულ ბერკეტებს, რომელთა გამოყენებაც ოფიციალურ თბილისს უკვე დღეს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დაახლოებისათვის?
– რა თქმა უნდა, ვხედავ. ისინი რამდენიმეა, ხშირადაც მიხსენებია, მართალია არა ყოველთვის პირდაპირ, არამედ გამჭვირვალე მინიშნებებით — სახელების მოხსენიების გარეშე, რათა არ შევუქმნა პრობლემები, პირველ რიგში, ჩემს სამშობლოს, მის ხელისუფლებასა და ეროვნულ ინტერესებს. მხოლოდ ერთს გეტყვით: რუსეთი ბოლო დრომდე მზად იყო აემოქმედებინა დიპლომატიური, ეკონომიკური და კულტურული ბერკეტები, რომელთაც ოფიციალური თბილისი უკვე დღესვე გამოიყენებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დასაახლოებლად. ამგვარივე მზაობაა საეკლესიო ხაზითაც. საქმე არც სოხუმზეა და არც ცხინვალზე — საქმე თბილისზეა, რომელიც ჯერჯერობით თავს იკავებს.
საქართველოში ერთი პოლიტიკური ლიდერია — მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც აზერბაიჯანში — პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. დღევანდელ ვითარებაში საკმარისია ივანიშვილის ერთი სიტყვა — და ეს „მექანიზმები“, როგორც თქვენ უწოდებთ, ამოქმედდება. სამწუხაროდ, ნამდვილი ქართული „Deep state“, ანუ ხელისუფლებაში მყოფი არასანდო ელემენტები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰყავდეს ერთგულ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელსაც იგი ამ მიმართულებას მიანდობდა. ყველა ამ დევნილ მთავრობასა და რეინტეგრაციის მინისტრს, მაქსიმუმი, რისი უნარიც შესწევთ, არის ლტოლვილების პრობლემებით დაკავება თბილისსა და სხვა ქალაქებში, მეტი არაფერი. ახლახან ჩამოგითვალეთ ბევრი საკითხი, რომელიც მათ პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე უნდა დააყენონ.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია დღევანდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას — უკრაინაში ომის ჩათვლით, რუსეთზე მზარდი საგარეო ზეწოლისა და რეგიონში პოტენციური შიდა ცვლილებების ფონზე — იმოქმედოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე? შეიძლება თუ არა ამ კონტექსტში საუბარი „შესაძლებლობის ფანჯარაზე“ საქართველოსთვის, თუ პირიქით — გაღრმავებული დაყოფის საფრთხეზე?
– ეჭვგარეშეა, ეს ფანჯარა არსებობს. რუსეთი მიმართავს დიფერენცირებულ პოლიტიკას რეგიონის ქვეყნებისადმი, თუმცა ეს „ფანჯარა“ მუდმივად ღია ვერ იქნება — ის ან დაიხურება, ან გაფართოვდება და კარს დაემსგავსება. კარგი, ვიტყვი ექსკლუზიურად თქვენი გაზეთისთვის, რომელიც, თუ არ მეშლება, სტალინის დაარსებულია 119 წლის წინ და დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქმეთა მმართველობის ორგანოა: როდესაც პრემიერი კობახიძე საუბრობდა „მოთმინებაზე“, იგულისხმებოდა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია — დაველოდოთ უკრაინის ომის დასრულებას. ამ ომის შედეგისა და დასრულების ვადის შესაბამისად იმოქმედებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სწორედ ესაა ის „სწორი პოლიტიკა“, რაზეც კობახიძე საუბრობდა და რაც ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამოხატულებაა.
მაგრამ აქ ერთი თავისებურებაა — უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პირობები შეიცვლება და საქართველოსთვის „შესაძლებლობის ფანჯარა“ შეიძლება დაიხუროს. ამიტომ, დღეს საჭიროა „მექანიზმების ამოქმედება“, მათ შორის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით, რაც გარდაუვალია, ვინაიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მექანიზმების ამუშავება რუსეთის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. და, როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს „მექანიზმები“ ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მზად იყო გაშვებისათვის.
– და ბოლო კითხვა: ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის საჯარო განცხადებებში სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდება რეგიონების „მომავალი რეინტეგრაციისკენ“. რამდენად გულწრფელი და თანმიმდევრულია ეს განცხადებები? ხომ არ წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის თემა მხოლოდ შიდა პოლიტიკური მობილიზაციის იარაღს? და თუ ასეა, როგორია ამ კონტექსტში ქართველი საზოგადოების რეალური პოზიცია?
– ნახეთ, რა ხდება. რუსებს, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს ერთი და იგიცე მეგობრები ჰყავთ, და მოწინააღმდეგებიც, ამიტომ მათ აღარაფერი აქვთ გასაყოფი. წესით, საკითხები თავისთავად უნდა გადაწყდეს, როდესაც საქართველო საბოლოოდ უარს იტყვის მითურ ევრატლანტიკურ მისწრაფებებზე და აღადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს - სულერთია, ერდოღანის ფორმულით „სამი პლუს სამი“, თუ ხიდირბეგიშვილის ფორმულით: „რუსეთი პლუს საქართველო უდრის საქართველოს პლუს აფხაზეთი პლუს სამხრეთ ოსეთი“. მხოლოდ მაშინ დაიწყება რეალური რეინტეგრაცია —საერთო ინტერესებზე, ეკონომიკაზე, ანუ პრაგმატულ საფუძვლებზე და არა — ემოციებზე დაფუძნებული.
საქართველოს ხელისუფლება ბოლო დროს ბევრ სასარგებლო ნაბიჯს დგამს: შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი, მიღებულია ამერიკული კანონი FARA, გადმოღებულია აზერბაიჯანისგან რიგი რეგულაციები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოური გავლენის აგენტების კონტროლის კუთხით, ასევე საზოგადოების გარყვნის წინააღმდეგ „გენდერული მრავალფეროვნების“ ლოზუნგით. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ერთ ნაბიჯშია გამარჯვებამდე, ვინაიდან იცის, რა არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ჯერ ვერ ბედავს გააკეთოს ის, რაც საჭიროა. საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა და ანტირუსული სანქციების გამოცხადება არ შეიძლება, თუმცა დიპურთიერთობებისა და დიალოგის აღდგენას რუსეთთან, თუნდაც - „უჰალსტუხოდ“, საიმედო, წესიერი, მცოდნე პირების მეშვეობით, არ ჩქარობს, „ითმენს“. საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ომით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვერ დაბრუნდება, მაგრამ რუსი მედიატორების მონაწილეობით მათთან საუბრის დაწყებას ერიდება. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამოყვანის პროცესი, რისთვისაც საპარლამენტო კომისია შექმნა (დაე, 13 წლით დაგვიანებით). საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები მისი მეგობრები კი არა, მტრები არიან, მაგრამ მაინც ავრცელებს ლეგენდას „კარგი ევროპისა და აშშ-ის და ცუდი „Deep State“-ის შესახებ, რომლებიც თითქოსდა აიძულებენ „კარგებს“ აკეთონ „ცუდი“ საქმეები. ამჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ აქვს საკმარისი პოლიტიკური ნება და მზაობა, რომ ხმამაღლა თქვას — ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ — მტერი. ვიმეორებ: ამისთვის საკმარისია მხოლოდ ერთადერთი პასუხისმგებელი პოლიტიკოსის - ხაქართველოს პოლიტიკური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ნებართვა, სანქცია, მეტი არაფერი.
რაც შეეხება ქართველ საზოგადოებას და მის კონსოლიდაციას ხელისუფლების ირგვლივ, ამისთვის მოქალაქეების დაპირებებით მიტყუება საჭირო სულაც არ არის. იმ ფორმულის გარეშე, რომელზეც ვსაუბრობდი — „ივანიშვილის თანხმობა — სანდო შუამავლები“ - საქმე „მკვდარი წერტილიდან“ არ დაიძრება, ვინაიდან არ შეიძლება სახელმწიფო საქმეების ბიზნესთან აღრევა. ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა დიდხანს, 2004 წლიდან გეგმავდნენ და 2008 წელს განახორციელეს ავანტიურა, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%-ზე მეტი. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირველესად მნიშვნელოვანია მშვიდობა, სოციალური გარანტიები, სამუშაო ადგილები და პენსიები, მეზობლებთან მეგობრობა. ხოლო ლტოლვილების დაბრუნება და სხვა საკითხების გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას — თუ ეს ღვთისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნება იქნება.
არნო ხიდირბეგიშვილს ესაუბრებოდა აბულფაზ ბაბაზადე
08.04.2025
თბილისი – ბაქო