„მზად ვარ, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ვაღიარო შემდეგი ქმედებები: შოთიკო იამანიძის მსგავსად, მოვიხმარდი ნარკოტიკულ ნივთიერებებს და თან ვატარებდი დიდი ოდენობით; ლევან ტერაშვილის მსგავსად, ვიყავი შეიარაღებული ფორმირების ორგანიზატორი და გულისფანცქალით ველოდებოდი ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებას; კახა ტერაშვილის მსგავსად, მეც დავმარხე დიდძალი იარაღი დედაჩემთან, მოხუცებულთა თავშესაფრის ეზოში; სხვა დანარჩენების მსგავსად, ჩემი ოსი ნათესავების დახმარებით, ჯერ ცხინვალში, მერე ვლადიკავკაზში გადავედი, სადაც ერთ უფანჯრო ოთახში (მაგიდაზე ძველი ლამპა იდგა) შევხვდი რუსეთის ფედერაციის „გრუ“-ს და „ფეესბე“-ს წარმომადგენლებს. გარდა ამისა, მაქვს წინასწარი განზრახვა, დავამხო ეს ხელისუფლება და მზად ვარ, დავასახელო თანამზრახველები. თანავუგრძნობდი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ორგანიზატორებს უკრაინაში, ვეხმარებოდი „ტიტების რევოლუციის“ ორგანიზატორებს ყირგიზეთში, ვგულშემატკივრობდი ეგვიპტეში მუბარაქის დამხობის მომხრეებს. ჩემ მიერ ჩამოთვლილი შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 223-ე, 236-ე, 315-ე, 317-ე, 325-ე და 321-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მზად ვარ, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ვაღიარო ყველა ის დანაშაულიც, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურას ვერ გამოუძიებია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხორგუანის თქმით, განსხვავება მასა და „ქართულ პარტიასთან“ კავშირისთვის დაპატიმრებულ პირებს შორის არაფერია. „არ არის საჭირო ღამის 3 საათზე მთავარი პროკურორის მოადგილის საკანში შემოჭრა ან სხვა სახის ზეწოლა. ყველაფერს ჩემი ნებით ვაღიარებ“, – მიმართავს „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი საქართველოს მთავარ პროკურორს.