ირაკლი ალასანია: „წყალტუბოში ჩასახლებულ მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებს გასახლებით ემუქრებიან“
თბილისი, 19 აგვისტო,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია წყალტუბოს რაიონის მცხოვრებთ შეხვდა და სანატორიუმებში ჩასახლებული დევნილები მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა დევნილების წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„წყალტუბოში ჩასახლებული დევნილები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან, მათ ემუქრებიან გასახლებით. სთავაზობენ ფოთში წასვლას, მაგრამ ფოთში წასვლა ამ ადამიანებისთვის იგივეა, რომ მეორედ იქცნენ დევნილებად. მთავარია, მათ იცოდნენ, რა ელით ხვალ. მათი მომავალი უნდა განსაზღვროს პატრიოტმა ხალხმა, ეროვნულმა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ტექნიკურად ძალიან ადვილია დევნილების ერთი ადგილიდან მეორეში გადასახლებაზე გადაწყვეტილების მიღება. ისინი არ ითვალისწინებენ, ამას რამდენი ადამიანური ტკივილი მოჰყვება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობაში რეალურად დევნილების ინტერესების დამცველი ადამიანები მსახურობდნენ და არა ადამიანები, რომლებსაც მართლა ყინულის გული აქვთ“, – განაცხადა ალასანიამ.